დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 23

  1. 1
    ას ოცდაშვიდი წელი იცოცხლა სარამ; ეს იყო მისი სიცოცხლის წლები.
  2. 2
    მოკვდა სარა კირიათარბაში, იგივე ხებრონში, ქანაანის მიწაზე და შევიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
  3. 3
    შემდეგ მოსცილდა აბრაამი თავის მკვდარს და ხეთის ძეებს დაელაპარაკა:
  4. 4
    „ხიზანი ვარ და თქვენ შორის ვმკვიდრობ. გამომიყავით სამარხი, რომ ჩემი მკვდარი დავმარხო“.
  5. 5
    ხეთის ძეებმა აბრაამს მიუგეს:
  6. 6
    „მოგვისმინე, ჩემო ბატონო. შენ ღვთისგან დანიშნული მთავარი ხარ ჩვენ შორის. ჩვენს საუკეთესო სამარხში დამარხე მკვდარი, არც ერთი ჩვენგანი არ გეტყვის უარს სამარხში მკვდრის დამარხვაზე“.
  7. 7
    ადგა აბრაამი, მდაბლად თაყვანი სცა იქაურებს, ხეთის ძეებს,
  8. 8
    და უთხრა: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, მომისმინეთ: დაელაპარაკეთ ეფრონს, ცოხარის ძეს,
  9. 9
    რომ მომცეს მაქფელას გამოქვაბული, რომელიც მას ეკუთვნის და მისივე მინდვრის ბოლოშია. რაც ღირს, იმდენ ვერცხლად მომცეს ის სამარხად თქვენი თანდასწრებით“.
  10. 10
    იჯდა ეფრონი ხეთის ძეებს შორის. ხეთის ძეებისა და მათ გასაგონად, ვინც მისი ქალაქის კარიბჭეში შედიოდა, ხეთელმა ეფრონმა აბრაამს უთხრა:
  11. 11
    „არა, ჩემო ბატონო! მომისმინე. მინდორსაც მოგცემ და იქ მდებარე გამოქვაბულსაც ჩემი ხალხის ძეების თვალწინ; დამარხე მკვდარი“.
  12. 12
    აბრაამმა მდაბლად თაყვანი სცა იქაურებს
  13. 13
    და მათ გასაგონად უთხრა ეფრონს: „თუ მხოლოდ... არა, მომისმინე! მოგცემ მინდვრის საფასურ ვერცხლს. აიღე, რომ დავმარხო იქ ჩემი მკვდარი“.
  14. 14
    ეფრონმა მიუგო აბრაამს:
  15. 15
    „ჩემო ბატონო, მომისმინე. ჩვენ შორის რა სალაპარაკოა ოთხასი შეკელი ვერცხლის საფასური მიწა? მიდი და დამარხე შენი მკვდარი“.
  16. 16
    აბრაამმაც მოუსმინა ეფრონს, მიუწონა მას ვერცხლი, რომელზეც მან ხეთის ძეების გასაგონად თქვა, ვაჭართა საზომით ოთხასი შეკელი ვერცხლიო.
  17. 17
    ასე რომ, ეფრონის მინდორი, რომელიც მამრეს წინ მდებარე მაქფელაში იყო, გამოქვაბული, რომელიც ამავე მინდორში იყო, და მინდვრის ყველა ხე, მის საზღვრებში რომ იდგა, გადაეცა
  18. 18
    აბრაამს, როგორც საკუთრება, რომელიც ხეთის ძეებისა და ქალაქის კარიბჭეში ყველა შემსვლელთა თვალწინ შეიძინა.
  19. 19
    დამარხა აბრაამმა სარა მამრეს წინ მდებარე მაქფელას მინდვრის გამოქვაბულში, ხებრონში, ქანაანის მიწაზე.
  20. 20
    ასე გადაეცა აბრაამს საკუთრებად ხეთის ძეთა ხელიდან მინდორი და გამოქვაბული სამარხად.
იტვირთება შემდეგი თავი