დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 24

  1. 1
    მოხუცი იყო აბრაამი, ხანში შესული. ყველაფერში აკურთხა იეჰოვამ იგი.
  2. 2
    აბრაამმა თავის მსახურს, რომელიც მის სახლეულობაში ყველაზე უფროსი იყო და მის ქონებას განაგებდა, სთხოვა: „ბარძაყქვეშ ამომიდე ხელი
  3. 3
    და დაიფიცე იეჰოვა, ზეცისა და დედამიწის ღმერთი, რომ არ მოუყვან ჩემს ვაჟს ცოლად ქანაანელთა ასულს, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
  4. 4
    არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში ჩემს ნათესავებთან და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ვაჟს, ისაკს“.
  5. 5
    მსახურმა მიუგო მას: „რომ არ ისურვოს ქალმა და არ წამომყვეს ამ ქვეყანაში? დავაბრუნო შენი ვაჟი იმ ქვეყანაში, საიდანაც წამოხვედი?“
  6. 6
    ამაზე აბრაამმა უთხრა: "იცოდე, არ დააბრუნო იქ ჩემი ვაჟი.
  7. 7
    იეჰოვა, ზეცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ჩემი ნათესავების ქვეყნიდან და რომელიც მელაპარაკა და ფიცით აღმითქვა, შენს შთამომავალს მივცემ ამ ქვეყანასო, წაგიმძღვარებს ანგელოზს და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ვაჟს.
  8. 8
    თუ ქალი არ წამოგყვება, თავისუფალი იქნები ფიცისგან, რომელიც დაგადებინე; ოღონდ ჩემი ვაჟი იქ არ დააბრუნო".
  9. 9
    ამოუდო მსახურმა ხელი ბარძაყქვეშ აბრაამს, თავის ბატონს, და დაუფიცა, რომ ასე მოიქცეოდა.
  10. 10
    წაიყვანა მსახურმა თავისი ბატონის ათი აქლემი და თავისი ბატონის ქონებიდან ყოველივე საუკეთესო წაიღო. ადგა და შუამდინარეთის გზას დაადგა ნახორის ქალაქისკენ.
  11. 11
    ბოლოს, საღამო ხანს, ქალაქის გარეთ, ჭასთან დაასვენა აქლემები; მაშინ გამოდიოდნენ ხოლმე ქალები წყლის ამოსაღებად.
  12. 12
    მან სთხოვა: „იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო, გამიკეთე ეს საქმე დღეს და სიკეთე გამოავლინე ჩემი ბატონი აბრაამისადმი.
  13. 13
    წყაროსთან ვდგავარ და ამ ქალაქის მკვიდრთა ქალიშვილები წყლის ამოსაღებად გამოდიან.
  14. 14
    ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი, ჩამოიღე დოქი და წყალი დამალევინემეთქი, ის კი მეტყვის, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, აი ის იყოს, ვისაც შენს მსახურს, ისაკს აურჩევ. ასე გამაგებინე, რომ ჩემი ბატონისადმი ურყევი სიყვარული გამოავლინე“.
  15. 15
    ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა რებეკა, რომლის მამაც იყო ბეთუელი, აბრაამის ძმის, ნახორის ცოლის, მილქას ვაჟი; მას დოქი ჰქონდა მხარზე შემოდგმული.
  16. 16
    ყმაწვილი ქალი ძალიან მიმზიდველი იყო, ქალწული იყო, არავინ წოლილა მასთან. ჩავიდა იგი წყაროსთან, აავსო დოქი და ამოვიდა.
  17. 17
    მიირბინა მსახურმა მასთან და სთხოვა: „ცოტა წყალი დამალევინე შენი დოქიდან“.
  18. 18
    მან მიუგო: „დალიე, ჩემო ბატონო“. სწრაფად ჩამოიღო დოქი და დაალევინა.
  19. 19
    დაალევინა და უთხრა: „შენი აქლემებისთვისაც ამოვიღებ წყალს, სანამ არ დარწყულდებიან“.
  20. 20
    სწრაფად ჩაცალა დოქი გეჯაში და ჭისკენ გაიქცა წყლის ამოსაღებად; წყალს მანამდე იღებდა, სანამ ყველა აქლემი არ დაურწყულა,
  21. 21
    ის კი ჩუმად აკვირდებოდა, განცვიფრებული, რომ გაეგო, წარუმართა თუ არა იეჰოვამ მას გზა.
  22. 22
    ბოლოს, როცა აქლემები დარწყულდნენ, ამოიღო მან ცხვირზე გასაკეთებელი ნახევარშეკელიანი ოქროს რგოლი, ათშეკელიანი ორი ოქროს სამაჯური
  23. 23
    და ჰკითხა მას: „მითხარი, ვისი ასული ხარ? აქვს მამაშენს ჩვენთვის ღამის გასათევი ადგილი სახლში?“
  24. 24
    მან მიუგო: „ბეთუელის ასული ვარ, მილქას ვაჟისა, რომელიც მან ნახორს გაუჩინა“.
  25. 25
    შემდეგ უთხრა მას: „ბზეცა გვაქვს, ბევრი სხვა საკვებიც საქონლისთვის და ღამის გასათევი ადგილიც“.
  26. 26
    მდაბლად თაყვანი სცა იმ კაცმა იეჰოვას, პირქვე დაემხო
  27. 27
    და თქვა: „კურთხეული იყავ იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო, სიკეთე არ მოაკელი ჩემს ბატონს და ერთგულად მოექეცი მას. იეჰოვამ ჩემი ბატონის ძმების სახლში მიმიყვანა“.
  28. 28
    გაიქცა ის ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ყველაფერი დედამისის სახლეულობას.
  29. 29
    რებეკას ჰყავდა ძმა, ლაბანი. გაიქცა ლაბანი, რომ შეგებებოდა იმ კაცს, რომელიც გარეთ იდგა წყაროსთან.
  30. 30
    როცა თავის დას ცხვირზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები დაუნახა, და როცა გაიგონა რებეკას ნათქვამი, ასე მელაპარაკაო ეს კაცი, მივიდა იმ კაცთან, რომელიც წყაროსთან იდგა აქლემებთან,
  31. 31
    და უთხრა: „წამოდი, იეჰოვას კურთხეულო. რატომ დგახარ გარეთ?! უკვე მოვამზადე სახლი და ადგილიც აქლემებისთვის“.
  32. 32
    ის კაციც შევიდა სახლში; შეხსნა ლაბანმა საკაზმები აქლემებს, დაუყარა ბზე, საკვები და მასაც და მასთან მყოფებსაც მიუტანა წყალი ფეხის დასაბანად.
  33. 33
    საჭმელიც მიართვეს მას, მაგრამ მან თქვა: „ვერ შევჭამ, სანამ ჩემს სათქმელს არ ვიტყვი“. მან უთხრა: „თქვი!“
  34. 34
    მან დაიწყო: "მე აბრაამის მსახური ვარ.
  35. 35
    დიდად აკურთხა იეჰოვამ ჩემი ბატონი, რადგან ამდიდრებს მას და აძლევს ცხვარძროხას, ოქროვერცხლს, მსახურებს, მოახლეებს, აქლემებსა და ვირებს.
  36. 36
    სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ვაჟი გაუჩინა ჩემს ბატონს. მან მთელი თავისი ქონება მას უნდა მისცეს.
  37. 37
    ფიცი დამადებინა ჩემმა ბატონმა: „არ მოუყვანო ცოლად ჩემს ვაჟს ქანაანელთა ასული, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
  38. 38
    არამედ წადი მამაჩემისა და ჩემი ნათესავების სახლში და იქიდან მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს“.
  39. 39
    მე ვკითხე, რომ არ წამომყვესმეთქი ქალი?
  40. 40
    მან მომიგო: „იეჰოვა, რომლის წინაშეც დავდივარ, ანგელოზს გამოგაყოლებს და წარგიმართავს გზას, რადგან ჩემი ოჯახიდან, მამაჩემის სახლიდან უნდა მოუყვანო ცოლი ჩემს ვაჟს.
  41. 41
    მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე ფიცით დაკისრებული მოვალეობისგან, როცა მიხვალ ჩემს ოჯახში, და არ მოგცემენ მას; მხოლოდ მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე ფიცით დაკისრებული მოვალეობისგან".
  42. 42
    დღეს, როცა წყაროსთან მივედი, ვთქვი: "იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო, თუ წარმიმართავ გზას,
  43. 43
    წყაროსთან ვდგავარ. გამოვიდეს წყლის ამოსაღებად ქალწული. ვთხოვ, ცოტა წყალი დამალევინემეთქი შენი დოქიდან,
  44. 44
    მან კი მითხრას: „შენც დალიე და აქლემებსაც ამოვუღებ წყალს“. აი ის იყოს იეჰოვასგან ჩემი ბატონის ვაჟისთვის არჩეული ქალი.
  45. 45
    ჯერ გულში ლაპარაკი არ დამემთავრებინა, რომ აი, რებეკა მოდიოდა მხარზე დოქშემოდგმული. ჩავიდა წყაროსთან და ამოიღო წყალი. ვთხოვე, დამალევინემეთქი.
  46. 46
    მანაც სწრაფად ჩამოდგა დოქი და მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა.
  47. 47
    ვკითხე: „ვისი ასული ხარ?“ მან მომიგო: „ნახორის ძის, ბეთუელის ასული ვარ, რომელიც მილქამ გაუჩინა მას“. გავუკეთე მას რგოლი ცხვირის ნესტოზე და სამაჯურები - ხელებზე.
  48. 48
    მდაბლად თაყვანი ვეცი იეჰოვას, პირქვე დავემხვე და ვაკურთხე იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც სწორი გზით წამომიყვანა, ჩემი ბატონის ძმის ასული რომ წამეყვანა მისი ვაჟისთვის.
  49. 49
    ახლა კი მითხარით, თუ ავლენთ სიკეთესა და ერთგულებას ჩემი ბატონისადმი; თუ არა, ისიც მითხარით, და მერე ან მარჯვნივ წავალ ან მარცხნივ".
  50. 50
    ლაბანმა და ბეთუელმა მიუგეს: „ეს საქმე იეჰოვასგან არის. ჩვენ ვერც ცუდს გეტყვით და ვერც კარგს.
  51. 51
    აი, შენ წინაშეა რებეკა. წაიყვანე და წადი; გახდეს ის შენი ბატონის ვაჟის ცოლი, როგორც ეს იეჰოვას უთქვამს“.
  52. 52
    მათი სიტყვების გაგონებაზე აბრაამის მსახური მიწაზე დაემხო იეჰოვას წინაშე.
  53. 53
    ამოიღო ვერცხლისა და ოქროს ნივთები, ტანსაცმელი და მისცა რებეკას. ყოველივე საუკეთესო მისცა მის ძმასაც და დედასაც.
  54. 54
    ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფებმა; იქ გაათიეს ღამე და დილით ადგნენ. მან თქვა: „გამიშვით ჩემს ბატონთან“.
  55. 55
    ამაზე მისმა ძმამ და დედამ მიუგეს: „ათ დღეს მაინც დარჩეს ჩვენთან ეს ყმაწვილი ქალი და მერე წამოვიდეს“.
  56. 56
    მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან იეჰოვამ წარმიმართა გზა. გამიშვით, წავალ ჩემს ბატონთან“.
  57. 57
    მათ თქვეს: „მაშინ თვითონ ყმაწვილ ქალს დავუძახოთ და მისი პირით გავიგოთ პასუხი“.
  58. 58
    დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: „წაჰყვები ამ კაცს?“ მან მიუგო: „წავყვები“.
  59. 59
    გაუშვეს რებეკა თავის ძიძასთან ერთად და აბრაამის მსახური თავის თანმხლებებთან ერთად.
  60. 60
    აკურთხეს მათ რებეკა: „ჩვენო დაო, ათასჯერ ათი ათასად გამრავლდი; თავის მოძულეთა კარიბჭეს დაეუფლოს შენი შთამომავალი“.
  61. 61
    ადგნენ რებეკა და მისი მოახლეები, აქლემებზე შესხდნენ და გაჰყვნენ იმ კაცს. მანაც წაიყვანა რებეკა და თავის გზას დაადგა.
  62. 62
    ისაკი ბეერლახაიროის გზით მოსულიყო, რადგან ნეგების მიწაზე ცხოვრობდა.
  63. 63
    საღამო ხანს მინდორში სეირნობდა და ფიქრობდა. გაიხედა და, აი, რას ხედავს! აქლემები მოდიან.
  64. 64
    გაიხედა რებეკამ, ისაკს მოჰკრა თვალი და აქლემიდან ჩამოხტა.
  65. 65
    იმ მსახურს ჰკითხა: „ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის?“ მან მიუგო: „ჩემი ბატონია“. აიღო მან თავსაბურავი და ჩამოიფარა.
  66. 66
    ყველაფერს მოუყვა ის მსახური ისაკს.
  67. 67
    შეიყვანა ისაკმა იგი დედამისის, სარას კარავში და ასე მოიყვანა მან რებეკა ცოლად. შეუყვარდა იგი და ნუგეში პოვა დედის დაკარგვის შემდეგ.
იტვირთება შემდეგი თავი