დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 25
- 1აბრაამმა კიდევ მოიყვანა ცოლი, რომელსაც კეტურა ერქვა.
- 2მან გაუჩინა მას ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი.
- 3იოკშანს შეეძინა შება და დედანი. დედანს შეეძინა აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
- 4მიდიანის ვაჟები იყვნენ: ეფა, ეფერი, ხანოქი, აბიდა და ელდაა. ესენი ყველანი კეტურას ვაჟები იყვნენ.
- 5აბრაამმა მთელი თავისი ქონება ისაკს მისცა,
- 6თავის ვაჟებს კი, რომლებიც ხარჭებისგან ჰყავდა, საჩუქრები დაურიგა. თავის სიცოცხლეშივე აღმოსავლეთით გაუშვა ისინი თავისი ვაჟის, ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის ქვეყანაში.
- 7აბრაამის სიცოცხლის დღეები ას სამოცდათხუთმეტ წელიწადს ითვლიდა.
- 8კარგი სიბერით მოკვდა აბრაამი, მოხუცი და კმაყოფილი, და შეუერთდა თავის ხალხს.
- 9დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ვაჟებმა მაქფელას გამოქვაბულში, რომელიც ხეთელი ცოხარის ვაჟის, ეფრონის მინდორშია, მამრეს წინ.
- 10ეს ის მინდორი იყო, რომელიც აბრაამმა ხეთის ვაჟებისგან იყიდა. იქ დამარხეს აბრაამი; მისი ცოლი სარაც იქ იყო დამარხული.
- 11აბრაამის სიკვდილის შემდეგაც აკურთხებდა ღმერთი მის ვაჟს, ისაკს. ისაკი ბეერლახაიროის მახლობლად ცხოვრობდა.
- 12ეს არის ისმაელის, აბრაამის ვაჟის ამბავი, რომელიც აგარმა, სარას ეგვიპტელმა მოახლემ, გაუჩინა აბრაამს.
- 13ესენი არიან ისმაელის ვაჟები, მათი სახელები და მათი შთამომავლობა: ნებაიოთი - ისმაელის პირმშო, კედარი, ადბეელი, მიბსამი,
- 14მიშმა, დუმა, მასა,
- 15ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
- 16ესენი არიან ისმაელის ძეები და ეს არის მათი სახელები მათივე ეზოებისა და გალავნიანი ბანაკების მიხედვით: თორმეტი მთავარი და მათი ტომები.
- 17ისმაელის სიცოცხლის დღეები ას ოცდაჩვიდმეტ წელიწადს ითვლიდა. მოკვდა იგი და შეუერთდა თავის ხალხს.
- 18კარვებში ცხოვრობდნენ ისინი ხავილადან მოყოლებული ასურეთამდე. ხავილა შურის მახლობლად მდებარეობს, ეგვიპტესთან. თავისი ძმების წინ დასახლდნენ ისინი.
- 19ეს არის აბრაამის ვაჟის, ისაკის ამბავი. აბრაამს შეეძინა ისაკი.
- 20ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა ფადანარამში მცხოვრები სირიელი ბეთუელის ასული, სირიელი ლაბანის და მოიყვანა ცოლად.
- 21განსაკუთრებით ევედრებოდა ისაკი იეჰოვას თავისი ცოლის გულისთვის, რადგან უშვილო იყო. იეჰოვამაც შეისმინა მისი ვედრება და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
- 22მუცელში ბავშვები ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ. მან თქვა: „თუ ასე იქნება, რად მინდა სიცოცხლე?!“ წავიდა და იეჰოვას შეეკითხა.
- 23იეჰოვამ უთხრა მას: „ორი ერია შენს მუცელში, საიდანაც ორი ხალხი გამოვა. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი უმცროსს მოემსახურება“.
- 24დაუდგა მას მშობიარობის დრო და, აი, ტყუპები ჰყავდა მუცელში.
- 25პირველი გამოვიდა მთლად წითელი და ისეთი თმიანი, თითქოს ბეწვიანი ტანსაცმელი ეცვა, და მას ესავი დაარქვეს.
- 26მეორე მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც ესავის ქუსლზე ჰქონდა ხელი ჩავლებული. მან იაკობი დაარქვა მას. სამოცი წლისა იყო ისაკი, როცა რებეკამ ისინი გააჩინა.
- 27გაიზარდნენ ბიჭები. ესავი მარჯვე მონადირე დადგა, მინდვრად მოხეტიალე, უმწიკვლო იაკობი კი კარვებში ცხოვრობდა.
- 28ისაკს ესავი უყვარდა, რადგან ნანადირევს არ აკლებდა მას, რებეკას კი - იაკობი.
- 29ერთხელ იაკობი შეჭამანდს ხარშავდა, როცა ესავი მინდვრიდან დაღლილი მოვიდა.
- 30უთხრა ესავმა იაკობს: „დაღლილი ვარ! ჩქარა, მაჭამე ეგ წითელი“. ამიტომ დაერქვა მას ედომი.
- 31იაკობმა მიუგო: „ჯერ პირმშოობა მომყიდე!“
- 32ესავმა უთხრა: „შიმშილით ვკვდები და რას მარგებს პირმშოობა?!“
- 33იაკობმა მიუგო: „ჯერ შემომფიცე!“ მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოობა.
- 34მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი. მანაც ჭამა და სვა. შემდეგ ადგა და წავიდა. ესავმა არაფრად ჩააგდო პირმშოობა.
იტვირთება შემდეგი თავი