დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 26
- 1აბრაამის დროინდელი შიმშილობის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვარდა შიმშილობა იმ მიწაზე, რის გამოც ისაკი გერარისკენ გაემართა ფილისტიმელთა მეფე აბიმელექთან.
- 2გამოეცხადა იეჰოვა მას და უთხრა: "ნუ წახვალ ეგვიპტეში. იმ მიწაზე იცხოვრე, რომელსაც გიჩვენებ.
- 3შეეხიზნე ამ მიწას, მე ვიქნები შენთან და გაკურთხებ; შენ და შენს შთამომავალს მოგცემთ მთელ ამ მიწებს და შევასრულებ იმას, რაც აბრაამს, მამაშენს შევფიცე,
- 4„ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავალს, მას მივცემ მთელ ამ მიწებს და დედამიწის ყველა ერი შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება",
- 5რადგან მოუსმინა აბრაამმა ჩემს ხმას და ასრულებდა ჩემ წინაშე თავის მოვალეობებს, ჩემს ბრძანებებს, წესებსა და კანონებს“.
- 6გერარში დასახლდა ისაკი.
- 7იქაური კაცები ეკითხებოდნენ მას მის ცოლზე, ის კი ეუბნებოდა, ჩემი დააო, რადგან ეშინოდა, ეთქვა, ჩემი ცოლიაო; ამბობდა, მომკლავენო აქაური კაცები რებეკას გამო, ვინაიდან მიმზიდველი იყო იგი.
- 8ის უკვე კარგა ხანს ცხოვრობდა იქ. ერთხელ, როცა ფილისტიმელთა მეფე აბიმელექი სარკმლიდან იყურებოდა, დაინახა, რომ ეალერსებოდა ისაკი რებეკას, თავის ცოლს.
- 9მაშინვე მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: „მართლა შენი ცოლი ყოფილა! რატომ თქვი, ჩემი დააო?“ ისაკმა მიუგო: „ვიფიქრე, არ მომკლანმეთქი მისი გულისთვის“.
- 10მაგრამ აბიმელექმა უთხრა: „ეს რა გვიყავი?! ცოტაც და ჩემი ხალხიდან ვიღაცა დაწვებოდა მასთან და დანაშაულს ჩაგვადენინებდი!“
- 11უბრძანა ხალხს აბიმელექმა: „ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება!“
- 12დაიწყო ისაკმა თესვა იმ მიწაზე და იმ წელს ერთი ასად აიღო მოსავალი, რადგან კურთხეული იყო იეჰოვასგან.
- 13გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მეტს იძენდა, სანამ დიდძალი სიმდიდრე არ მოიხვეჭა.
- 14გაუმრავლდა ცხვრის ფარა, საქონელი და მსახურებიც. შეშურდათ ეს ფილისტიმელებს.
- 15მამამისის, აბრაამის მსახურთა მიერ ამოთხრილი ჭები მიწით ამოავსეს ფილისტიმელებმა.
- 16უთხრა აბიმელექმა ისაკს: „წადი ჩვენი მიწიდან, რადგან ჩვენზე მეტად გაძლიერდი“.
- 17წავიდა ისაკი, დაბანაკდა გერარის ხევში და იქ ცხოვრობდა.
- 18ხელახლა დაიწყო მან წყლის ჭების ამოთხრა, რომლებიც აბრაამის დროს იყო ამოთხრილი და აბრაამის სიკვდილის შემდეგ ფილისტიმელებმა ამოავსეს. არქმევდა იმავე სახელებს, რაც აბრაამმა დაარქვა.
- 19თხრიდნენ ისაკის მსახურები ხევში და მიაგნეს სუფთა წყლის ჭას.
- 20გერარელმა მწყემსებმა დავა დაუწყეს ისაკის მწყემსებს: „ჩვენია წყალი!“ ამიტომ დაარქვა მან ჭას ესეკი, რადგან იქ ეკამათებოდნენ მას.
- 21კიდევ ერთი ჭა ამოთხარეს და მასზეც დაუწყეს დავა; ამიტომ მან სიტნა უწოდა მას.
- 22წავიდა იქიდან და კიდევ ერთი ჭა ამოთხარა, მაგრამ აღარ შედავებიან მასზე; ამიტომ რეხობოთი უწოდა მას და თქვა: „ვრცელი ადგილი მოგვცა იეჰოვამ და ნაყოფიერი გაგვხადა დედამიწაზე“.
- 23იქიდან ბეერშებაში ავიდა იგი.
- 24იმ ღამით იეჰოვა გამოეცხადა მას და უთხრა: „მე მამაშენის, აბრაამის ღმერთი ვარ. ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; გაკურთხებ და გავამრავლებ შენს შთამომავალს ჩემი მსახურის, აბრაამის გამო“.
- 25ააგო მან სამსხვერპლო და იეჰოვას სახელს მოუხმო. გაშალა იქ კარავი და დაიწყეს ისაკის მსახურებმა ჭის ამოთხრა.
- 26მივიდა მასთან აბიმელექი გერარიდან თავის ახლო მეგობართან, ახუზათთან, და თავისი ჯარის მხედართმთავარ ფიქოლთან ერთად.
- 27ისაკმა უთხრა: „რატომ მოხვედით ჩემთან?! თქვენ ხომ შემიძულეთ და გამიშვით თქვენი მიწიდან?!“
- 28ამაზე მათ მიუგეს: "ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ იეჰოვა შენთან ყოფილა. ამიტომ ვთქვით: „შევფიცოთ ერთმანეთს და დავდოთ შენთან შეთანხმება,
- 29რომ ცუდს არაფერს გაგვიკეთებ, როგორც ჩვენ არ გვიხლია შენთვის ხელი, მხოლოდ კარგი გაგიკეთეთ და მშვიდობით გამოგიშვით. იეჰოვასგან ხარ კურთხეული".
- 30გაუმართა მათ ნადიმი და მათაც ჭამეს და სვეს.
- 31დილით ადრე ადგნენ და ერთმანეთს შეჰფიცეს. გაუშვა ისინი ისაკმა და მშვიდობით წავიდნენ.
- 32იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები, შეატყობინეს ჭის ამოთხრის ამბავი და უთხრეს: „ვიპოვეთ წყალი!“
- 33დაარქვა მას შიბა. ამიტომაც ჰქვია იმ ქალაქს დღემდე ბეერშება.
- 34ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა ხეთელი ბეერის ასული იეჰუდითი და ხეთელი ელონის ასული ბასმათი მოიყვანა ცოლად.
- 35სულს უმწარებდნენ ისინი ისაკსა და რებეკას.
იტვირთება შემდეგი თავი