დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 28

  1. 1
    მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და უთხრა: „არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალი!
  2. 2
    ადექი, წადი ფადანარამში, ბეთუელის, დედაშენის მამის სახლში, და იქიდან მოიყვანე ცოლად დედაშენის ძმის ლაბანის ასულთაგანი.
  3. 3
    ყოვლისშემძლე ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულად იქცევი.
  4. 4
    ის მოგცემთ აბრაამის კურთხევას შენ და შენს შთამომავალს, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის მიწა, რომელიც ღმერთმა აბრაამს მისცა“.
  5. 5
    გაგზავნა ისაკმა იაკობი. გაემართა იგი ფადანარამში სირიელი ბეთუელის ვაჟთან, ლაბანთან, ესავისა და იაკობის დედის, რებეკას, ძმასთან.
  6. 6
    როცა დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და ცოლის მოსაყვანად ფადანარამში გაგზავნა, აკურთხა და უთხრა, არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალიო,
  7. 7
    და იაკობიც დაემორჩილა მამამისს და დედამისს და ფადანარამის გზას დაადგა,
  8. 8
    მაშინ დაინახა ესავმა, რომ ქანაანელი ქალები არ მოსწონდა ისაკს, მამამისს.
  9. 9
    ამიტომ წავიდა ესავი ისმაელთან და აბრაამის ვაჟის, ისმაელის ასული მახალათი მოიყვანა ცოლად, ნებაიოთის და. მას სხვა ცოლებიც ჰყავდა.
  10. 10
    განაგრძო გზა იაკობმა ბეერშებადან და ხარანის გზას დაადგა.
  11. 11
    მიადგა ერთ ადგილს ღამის გასათევად, რადგან მზე უკვე ჩასული იყო. აიღო ქვა თავის დასადებად და დაწვა იმ ადგილას,
  12. 12
    და ესიზმრა: მიწაზე ცადაწვდენილი კიბე იდგა და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე.
  13. 13
    კიბის თავზე კი იეჰოვა იყო. მან უთხრა მას: „მე ვარ იეჰოვა, მამაშენის, აბრაამისა და ისაკის ღმერთი. მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს შთამომავალს მოგცემთ.
  14. 14
    ქვიშასავით გამრავლდება შენი შთამომავალი და განივრცობი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. შენი და შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი.
  15. 15
    შენთანა ვარ; მე დაგიცავ მთელ შენს გზაზე და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, სანამ არ გავაკეთებ იმას, რაც გითხარი“.
  16. 16
    გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“.
  17. 17
    შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“.
  18. 18
    დილაადრიან ადგა იაკობი. აიღო ის ქვა, რომელიც თავქვეშ ედო, სვეტად აღმართა და ზედ ზეთი დაასხა.
  19. 19
    დაარქვა იმ ადგილს ბეთელი, მანამდე კი იმ ქალაქს ლუზი ერქვა.
  20. 20
    დადო აღთქმა იაკობმა და თქვა: „თუ ჩემთან იქნება ღმერთი და დამიცავს ჩემს გზაზე, რომლითაც მივდივარ, მომცემს პურს საჭმელად და ტანსაცმელს შესამოსად
  21. 21
    და მშვიდობით დავბრუნდები მამაჩემის სახლში, იეჰოვა ნამდვილად ჩემი ღმერთი ყოფილა.
  22. 22
    ეს ქვა კი, რომელიც სვეტად აღვმართე, ღვთის სახლი იქნება, და მოგცემ იმ ყველაფრის მეათედს, რასაც შენ მომცემ“.
იტვირთება შემდეგი თავი