დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 29

  1. 1
    დაიძრა იაკობი და აღმოსავლელთა ქვეყანაში გაემგზავრა.
  2. 2
    მინდორში დაინახა ჭა, რომელთანაც სამი ცხვრის ფარა იწვა, რადგან იმ ჭიდან არწყულებდნენ ფარას; ჭას დიდი ლოდი ეფარა.
  3. 3
    როცა შეგროვდებოდა ყველა ფარა, გადააგორებდნენ ხოლმე ლოდს ჭის პირიდან და ცხვარს არწყულებდნენ, შემდეგ კი ისევ აფარებდნენ ლოდს.
  4. 4
    იაკობმა ჰკითხა მათ: „ძმებო, საიდანა ხართ?“ მათ მიუგეს: „ხარანიდან“.
  5. 5
    შემდეგ ჰკითხა: „იცნობთ ლაბანს, ნახორის შვილიშვილს?“ მათ მიუგეს: „ვიცნობთ“.
  6. 6
    მან ჰკითხა: „ხომ კარგად არის?“ მათ მიუგეს: „კარგად არის. აი, რახელი, მისი ქალიშვილი, ცხვარს მოერეკება“.
  7. 7
    მან უთხრა: „ჯერ კიდევ დღეა და ცხვრის მორეკვის დრო არ არის. დაარწყულეთ ცხვარი და საძოვრად წაიყვანეთ“.
  8. 8
    ამაზე მათ მიუგეს: „ვერ გავაკეთებთ ასე, სანამ ყველა ფარა არ შეგროვდება და ჭიდან ლოდს არ გადააგორებენ. მანამდე ვერ დავარწყულებთ ცხვარს“.
  9. 9
    ჯერ კიდევ მათ ელაპარაკებოდა, რომ მორეკა მამამისის ცხვარი რახელმა, რომელიც მწყემსი იყო.
  10. 10
    როცა დაინახა იაკობმა რახელი, დედამისის ძმის ასული და დედამისის ძმის, ლაბანის ცხვარი, მაშინვე მიირბინა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა დედამისის ძმის, ლაბანის ცხვარი.
  11. 11
    აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.
  12. 12
    უთხრა იაკობმა რახელს, რომ ის მამამისის ძმა იყო, რებეკას ვაჟი. ისიც გაიქცა და მამამისს შეატყობინა.
  13. 13
    როგორც კი გაიგო ლაბანმა იაკობის, თავისი დისშვილის ამბავი, გაიქცა მასთან შესაგებებლად. გადაეხვია, აკოცა და სახლში წაიყვანა. ყველაფერს მოუყვა იგი ლაბანს.
  14. 14
    ლაბანმა უთხრა: „ჩემი ძვალი და ხორცი ხარ“. მან მთელი თვე იცხოვრა მასთან.
  15. 15
    უთხრა ლაბანმა იაკობს: „რაკი ჩემი ძმა ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა მოგცე გასამრჯელოდ“.
  16. 16
    ლაბანს ორი ასული ჰყავდა. უფროსს ლეა ერქვა, ხოლო უმცროსს - რახელი.
  17. 17
    ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი კი ტანადაც ლამაზი იყო და პირისახეც ლამაზი ჰქონდა.
  18. 18
    იაკობს რახელი უყვარდა. უთხრა ლაბანს იაკობმა: „შენი უმცროსი ასულის, რახელის გულისთვის შვიდ წელს გემსახურები“.
  19. 19
    ამაზე ლაბანმა მიუგო: „მირჩევნია, შენ გამოგაყოლო იგი, ვიდრე სხვას. იცხოვრე ჩემთან“.
  20. 20
    იმსახურა იაკობმა რახელის გულისთვის შვიდი წელი, მაგრამ მისთვის ეს დრო რამდენიმე დღესავით იყო, რადგან უყვარდა იგი.
  21. 21
    უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან შევასრულე ჩემი დღეები, და დავწვები მასთან“.
  22. 22
    შეკრიბა ლაბანმა იქაურები და ნადიმი გამართა.
  23. 23
    საღამოს მან თავისი ასული ლეა მიუყვანა, რომ მასთან დაწოლილიყო.
  24. 24
    ლეას, თავის ასულს, თავისი მოახლე ზილფაც გააყოლა.
  25. 25
    დილით აღმოჩნდა, რომ ლეა იყო მასთან! მან უთხრა ლაბანს: „ეს რა გამიკეთე?! რახელის გულისთვის არ გემსახურე?! რატომ მომატყუე?!“
  26. 26
    ლაბანმა მიუგო: „ჩვენთან უმცროსი ქალის პირმშოზე ადრე გათხოვება არ არის მიღებული.
  27. 27
    ბოლომდე იზეიმე ამ ქალის კვირა და მერე მეორე ქალსაც მოგცემ იმ სამსახურისთვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს“.
  28. 28
    ასეც მოიქცა იაკობი. ბოლომდე იზეიმა იმ ქალის კვირა და შემდეგ მან თავისი ასული რახელიც მიათხოვა ცოლად.
  29. 29
    რახელს, თავის ასულს, თავისი მოახლე ბილჰაც გააყოლა.
  30. 30
    დაწვა იგი რახელთან; მას რახელი ლეაზე მეტად უყვარდა, და კიდევ შვიდი წელი ემსახურებოდა ლაბანს.
  31. 31
    როცა დაინახა იეჰოვამ, რომ მოძულებული იყო ლეა, გაუხსნა მას უფალმა საშვილოსნო, რახელი კი უშვილო იყო.
  32. 32
    დაორსულდა ლეა და გააჩინა ვაჟი, რომელსაც რეუბენი დაარქვა, რადგან თქვა, იეჰოვამ გადმოხედა ჩემს საცოდაობას და ახლა შემიყვარებსო ჩემი ქმარი.
  33. 33
    კიდევ დაორსულდა, ვაჟი გააჩინა და თქვა: „იეჰოვამ მომისმინა, რადგან მოძულებული ვიყავი, და ახლა ესეც მომცა“. ამიტომ მას სიმონი დაარქვა.
  34. 34
    კიდევ დაორსულდა, ვაჟი გააჩინა და თქვა: „დამიახლოვდება იაკობი, რადგან სამი ვაჟი გავუჩინე“. ამიტომ მას ლევი დაარქვეს.
  35. 35
    კიდევ ერთხელ დაორსულდა, გააჩინა ვაჟი და თქვა: „ხოტბას შევასხამ იეჰოვას“. ამიტომ მას იუდა დაარქვა. ამის შემდეგ შეწყვიტა შობა.
იტვირთება შემდეგი თავი