დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 30
- 1როცა დაინახა რახელმა, რომ იაკობს შვილს ვერ უჩენდა, შეშურდა თავისი დის და უთხრა იაკობს: „მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები“.
- 2აენთო იაკობი რახელზე და უთხრა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ მუცლის ნაყოფი დამეკავებინოს?!“
- 3მან მიუგო: „აი, ჩემი მხევალი ბილჰა. დაწექი მასთან, რომ ჩემს კალთაზე გააჩინოს და მისგან შემეძინოს შვილები“.
- 4მისცა ცოლად ბილჰა, თავისი მოახლე, და იაკობიც დაწვა მასთან.
- 5დაორსულდა ბილჰა და ვაჟი გაუჩინა იაკობს.
- 6რახელმა თქვა: „ღმერთმა სამართალი გამიჩინა, მომისმინა და მომცა ვაჟი“. ამიტომ მას დანი დაარქვა.
- 7კიდევ დაორსულდა ბილჰა, რახელის მოახლე და გაუჩინა იაკობს მეორე ვაჟი.
- 8რახელმა თქვა: „დიდი ჭიდილით შევები ჩემს დას და გამარჯვებულიც გამოვედი!“ ამიტომ მას ნაფთალი დაარქვა.
- 9როცა დაინახა ლეამ, რომ შობა შეწყვეტილი ჰქონდა, მისცა იაკობს ცოლად თავისი მოახლე ზილფა.
- 10ლეას მოახლე ზილფამაც ვაჟი გაუჩინა იაკობს.
- 11ლეამ თქვა: „რა ბედნიერებაა!“ ამიტომ მას გადი დაარქვა.
- 12ლეას მოახლე ზილფამ მეორე ვაჟიც გაუჩინა იაკობს.
- 13ლეამ თქვა: „გავბედნიერდი, ასულები ბედნიერს მიწოდებენ“. ამიტომ მას აშერი დაარქვა.
- 14ერთხელ, ხორბლის მკის დროს, რეუბენმა მინდორში მანდრაგორები იპოვა და დედამისს, ლეას მიუტანა. სთხოვა რახელმა ლეას: „მიწილადე შენი ვაჟის მოტანილი მანდრაგორები“.
- 15ამაზე მან მიუგო: „ის არ გეყოფა, ქმარი რომ წამართვი, ახლა კი ჩემი ვაჟის მოტანილ მანდრაგორებსაც მართმევ?!“ რახელმა უთხრა: „შენი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ დღეს ღამით შენთან დაწვება იგი“.
- 16საღამოს გაეგება ლეა მინდვრიდან დაბრუნებულ იაკობს და უთხრა: „დღეს ღამით ჩემთან უნდა დაწვე ჩემი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ“. ისიც დაწვა მასთან იმ ღამით.
- 17მოუსმინა ღმერთმა და უპასუხა ლეას. დაორსულდა იგი და მეხუთე ვაჟი გაუჩინა იაკობს.
- 18ლეამ თქვა: „მომცა ღმერთმა გამოსასყიდის საზღაური, რადგან მივეცი ჩემს ქმარს ჩემი მოახლე“. ამიტომ მას ისაქარი დაარქვა.
- 19კიდევ ერთხელ დაორსულდა ლეა და მეექვსე ვაჟი გაუჩინა იაკობს.
- 20ლეამ თქვა: „დიდებული ჯილდოთი დამაჯილდოვა ღმერთმა. ბოლოს და ბოლოს მიმიღებს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟი გავუჩინე“. ამიტომ მას ზებულონი დაარქვა.
- 21მერე გოგო გააჩინა და დინა დაარქვა.
- 22ბოლოს გაიხსენა ღმერთმა რახელი, მოუსმინა მას, უპასუხა და საშვილოსნო გაუხსნა.
- 23დაორსულდა იგი, გააჩინა ვაჟი და თქვა, სირცხვილი მომაშორაო ღმერთმა!
- 24ამიტომ მას იოსები დაარქვა, ამბობდა, იეჰოვა კიდევ ერთ ვაჟს მაძლევსო.
- 25როცა რახელმა იოსები გააჩინა, იაკობმა მაშინვე უთხრა ლაბანს: „გამიშვი, რომ წავიდე იქ, სადაც ჩემი ადგილია, ჩემს ქვეყანაში.
- 26მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, ვისთვისაც გემსახურებოდი, და წავალ, რადგან იცი, რა სამსახურიც გაგიწიე“.
- 27ლაბანმა უთხრა მას: „თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში... ნიშანი მივიღე იმისა, რომ იეჰოვა შენ გამო მაკურთხებს“.
- 28მან განაგრძო: „მითხარი, რა გინდა გასამრჯელოდ და მოგცემ“.
- 29მან მიუგო: „კარგად იცი, როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა შენი საქონელი ჩემს ხელში.
- 30რა ცოტა გყავდა ჩემ მოსვლამდე და მერე როგორ გაგიმრავლდა იმის გამო, რომ იეჰოვამ გაკურთხა ჩემი მოსვლის შემდეგ. მაგრამ მე როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისთვის?“
- 31მან ჰკითხა: „რა მოგცე?“ იაკობმა მიუგო: „არაფერი მინდა! ოღონდ ეს გამიკეთე და კიდევ დავმწყემსავ და ვუპატრონებ შენს ფარას.
- 32დღეს ჩავივლი შენს ფარაში. გამოაცალკევე ყველა დაწინწკლული, ხალიანი, მუქი ყავისფერი ბატკანი, ხალიანი და დაწინწკლული დედალი თხა. ასეთები იყოს ჩემს გასამრჯელოდ.
- 33ჩემ მაგივრად ჩემმა სიმართლემ გაგცეს პასუხი იმ დღეს, რომელ დღესაც მოხვალ ჩემი გასამრჯელოს შესამოწმებლად. თუ ჩემს ბატკნებსა და დედალ თხებს შორის აღმოჩნდება დაუწინწკლავი და უხალო, მაშინ მომიპარავს“.
- 34ამაზე ლაბანმა მიუგო: „კარგი! იყოს შენი სიტყვისამებრ“.
- 35იმ დღესვე გამოაცალკევა მან ზოლებიანი და ხალებიანი ვაცები, დაწინწკლული და ხალებიანი დედალი თხები და მუქი ყავისფერი და თეთრნარევი ბატკნები, და თავის ვაჟებს ჩააბარა.
- 36შემდეგ სამი დღის სავალით დაშორდა იაკობს და მწყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ცხვარს.
- 37აიღო იაკობმა სტირაქსის, ნუშისა და ჭადრის ნედლი ჯოხები, ალაგალაგ გათალა და ჯოხებს თეთრი ადგილები გამოუჩინა.
- 38ბოლოს გათლილი ჯოხები ჩაუწყო ფარას წყლის გეჯაში, სადაც ფარა მიდიოდა დასარწყულებლად, რათა დასარწყულებლად რომ მივიდოდნენ, ახურებულიყვნენ.
- 39შეხედავდა ცხვარი ჯოხებს, ახურდებოდა და იგებდა ზოლებიანს, დაწინწკლულსა და ხალებიანს.
- 40გამოაცალკევებდა ბატკნებს და ფარას პირს უზამდა ზოლიანი და მუქი ყავისფერი ფარისკენ ლაბანის ფარაში. თავის ფარას ცალკე აყენებდა და არა ლაბანის ფარასთან.
- 41ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ, როცა უნდა ახურებულიყო ჯანსაღი ფარა, იაკობი გეჯაში თვალწინ უწყობდა იმ ჯოხებს, რათა შეეხედათ და ახურებულიყვნენ.
- 42თუ ფარა სუსტი იყო, არ უწყობდა. ასე რომ, სუსტი ყოველთვის ლაბანს რჩებოდა, ჯანსაღი კი - იაკობს.
- 43მეტისმეტად გამდიდრდა ეს კაცი. ჰყავდა ბევრი დიდი ფარა, მოახლეები, მსახურები, აქლემები და ვირები.
იტვირთება შემდეგი თავი