დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 31
- 1გაიგო მან ლაბანის ვაჟების ნათქვამი: „წაიღო იაკობმა ყველაფერი, რაც მამაჩვენისა იყო და მამაჩვენის ქონებით გამდიდრდა“.
- 2სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარ იყო მისდამი, როგორიც ადრე.
- 3ბოლოს იეჰოვამ უთხრა იაკობს: „დაბრუნდი მამაშენისა და შენი სანათესავოს მიწაზე, მე ვიქნები შენთან“.
- 4მოუხმო იაკობმა რახელსა და ლეას მინდორში, თავის ფარასთან
- 5და უთხრა მათ: "სახეზე შევატყვე მამათქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემდამი, როგორიც ადრე იყო. მაგრამ მამაჩემის ღმერთი ჩემთან არის.
- 6თქვენ იცით, რომ მთელი ჩემი ძალით ვემსახურებოდი მამათქვენს,
- 7მაგრამ მომატყუა მამათქვენმა და ათჯერ შემიცვალა გასამრჯელო, თუმცა ღმერთმა არ დართო ჩემი დაზარალების ნება.
- 8როცა მეტყოდა, დაწინწკლულები იყოს შენი გასამრჯელოო, მთელი ფარა დაწინწკლულებს იგებდა, და როცა მეტყოდა, ზოლებიანი იყოს შენი გასამრჯელოო, მთელი ფარა ზოლებიანს იგებდა.
- 9ღმერთი მამათქვენს ართმევდა ფარას და მე მაძლევდა.
- 10როცა ფარის ახურების დრო დადგა, თვალი ავახილე სიზმარში და ვნახე, რომ ვაცები, რომლებიც ფარას ახტებოდნენ, ზოლებიანი, დაწინწკლული და ლაქებიანი იყვნენ.
- 11მითხრა სიზმარში ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზმა: „იაკობ!“ მე მივუგე: „აქა ვარ“.
- 12მან განაგრძო: „აახილე თვალი და დაინახავ, რომ ვაცები, რომლებიც ფარას ახტებიან, ზოლებიანი, დაწინწკლული და ლაქებიანი არიან, რადგან დავინახე ყველაფერი, რასაც ლაბანი გიკეთებს.
- 13მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც გამოგეცხადე ბეთელში, სადაც შენ სვეტი სცხე და აღთქმა დამიდე. ახლა ადექი, წადი ამ მიწიდან და მშობლიურ მიწაზე დაბრუნდი".
- 14რახელმა და ლეამ უპასუხეს: „კიდევ გვერგება რამე მემკვიდრეობად მამაჩვენის სახლიდან?!
- 15განა მისთვის უკვე უცხოელებად არ ვითვლებით, რადგან გაგვყიდა, და ჩვენ სანაცვლოდ აღებული ფულით ჭამს?!
- 16მთელი სიმდიდრე, რაც ღმერთმა მამაჩვენს წაართვა, ახლა ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. გააკეთე ყველაფერი, რაც ღმერთმა გითხრა“.
- 17ადგა იაკობი, შესვა თავისი შვილები და ცოლები აქლემებზე,
- 18წაასხა მთელი თავისი ფარა და წაიღო მთელი თავისი დაგროვილი ქონება, ფადანარამში მოგებული ფარის ნამატი და წავიდა ისაკთან, მამამისთან, ქანაანის მიწაზე.
- 19როცა ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული, რახელმა მამამისს თერაფიმი მოჰპარა.
- 20ჭკუით აჯობა იაკობმა სირიელ ლაბანს, რადგან არ უთხრა, რომ გარბოდა.
- 21გაიქცა და ყველაფერი, რაც ჰქონდა, თან წაიღო. მიადგა მდინარეს და გადალახა. შემდეგ გალაადის მთიანი მხარისკენ ქნა პირი.
- 22მესამე დღეს ლაბანს შეატყობინეს, იაკობი გაიქცაო.
- 23გაიყოლა მან თავისი ნათესავები, შვიდი დღის სავალზე სდია და გალაადის მთიან მხარეში დაეწია.
- 24ღამით სიზმარში ღმერთი გამოეცხადა სირიელ ლაბანს და უთხრა: „გაფრთხილდი, არც ცუდი უთხრა იაკობს და არც კარგი!“
- 25მივიდა ლაბანი იაკობთან; იაკობს მთაში გაეშალა კარავი, და ლაბანმაც გალაადის მთიან მხარეში დააბანაკა თავისი ძმები.
- 26უთხრა ლაბანმა იაკობს: „ეს რა გააკეთე, ჭკუით მაჯობე და მახვილით წაყვანილი ტყვეებივით გაიტაცე ჩემი ასულები?!
- 27ფარულად რატომ გაიქეცი, ჭკუით მაჯობე და არაფერი მითხარი?! მე მხიარულებითა და სიმღერებით, დაირითა და ქნარით ვაპირებდი შენ გაცილებას,
- 28შენ კი არც მაკოცნინე შვილებისა და ასულებისთვის. უგუნურად მოიქეცი.
- 29ჩემს ხელს შესწევს ძალა, რომ ზიანი მოგაყენოთ, მაგრამ წუხელ მამათქვენის ღმერთი მელაპარაკა და მითხრა, გაფრთხილდი, არც ცუდი უთხრა იაკობს და არც კარგიო.
- 30ძლიერ გენატრებოდა მამაშენის სახლი და წახვედი, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?!“
- 31იაკობმა მიუგო ლაბანს: „მეშინოდა, ვამბობდი, არ წამართვასმეთქი თავისი ასულები.
- 32ნუ იცოცხლებს, ვისაც უპოვი შენს ღმერთებს. ჩვენი ძმების თვალწინ შეამოწმე ყველაფერი, რაც მაქვს, და წაიღე ისინი“. არ იცოდა იაკობმა, რომ ისინი რახელს მოეპარა.
- 33შევიდა ლაბანი იაკობის, ლეასა და ორივე მხევლის კარავში, მაგრამ ვერ იპოვა ისინი. ბოლოს გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
- 34თერაფიმი რახელს ჰქონდა წაღებული. დამალული ჰქონდა ის ქალის საუნაგირე კალათში, რომელიც აქლემზე იდგმებოდა, და ზედ იჯდა. მთელი კარავი შეამოწმა ლაბანმა, მაგრამ ვერ იპოვა ის.
- 35უთხრა მამამისს: „ნუ აენთება რისხვით ჩემი ბატონის თვალები, რადგან ვერ ავდგები, ქალებისთვის ჩვეული რამ მჭირს“. საგულდაგულოდ ეძება მან, მაგრამ ვერ იპოვა თერაფიმი.
- 36განრისხდა იაკობი, დავა დაუწყო ლაბანს და უთხრა: „რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ ასე გაშმაგებით დამედევნე?
- 37ხომ შეამოწმე მთელი ჩემი ქონება, რა იპოვე შენი სახლიდან წამოღებული? დადე ის ჩემი და შენი ძმების წინაშე და მათ განგვსაჯონ.
- 38ოცი წელი ვიყავი შენთან. არც ერთი ცხვარი და თხა არ გაბერწებულა და არასოდეს მიჭამია ვერძი შენი ფარიდან.
- 39არც ერთი დაგლეჯილი არ მომიყვანია შენთვის. დანაკარგს მე ვანაზღაურებდი. ჩემი ხელიდან ითხოვდი იმას, რაც ღამით ან დღისით იყო ნაქურდალი.
- 40დღისით სიცხე მწვავდა და ღამით - ყინვა, ჩემს თვალს ძილი არ ეკარებოდა.
- 41ასეთი იყო ჩემი ოცი წელი შენს სახლში. თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე და ექვსი წელი - ფარისთვის, შენ კი ათჯერ შემიცვალე გასამრჯელო.
- 42ჩემთან რომ არ ყოფილიყო მამაჩემის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ვისიც ისაკს ეშინია, ხელცარიელს გამიშვებდი. მაგრამ მოხედა ღმერთმა ჩემს საცოდაობას, ჩემი ხელის ნაჯაფს და წუხელ შეგაგონა“.
- 43ლაბანმა იაკობს მიუგო: „ეს ასულები ჩემი ასულები არიან, ეს შვილები ჩემი შვილები არიან და ეს ფარა ჩემი ფარაა. რასაც ხედავ, ჩემი და ჩემი ასულებისაა. დღეს რაღას გავაკეთებ მათ წინააღმდეგ და მათი გაჩენილი შვილების წინააღმდეგ?!
- 44ახლა, მოდი დავდოთ მე და შენ შეთანხმება და ეს იყოს მოწმობა ჩვენ შორის“.
- 45აიღო იაკობმა ქვა, სვეტად აღმართა
- 46და თავის ძმებს უთხრა: „აიღეთ ქვები!“ მათაც აიღეს ქვები და დაახვავეს. შემდეგ ჭამეს იმ გორაზე.
- 47ლაბანმა მას იეგარსაჰადუთა უწოდა, იაკობმა კი - გალაადი.
- 48ლაბანმა უთხრა: „ეს გორა მოწმობაა მე და შენ შორის“. ამიტომ ეწოდა მას გალაადი
- 49და საგუშაგო კოშკი, რადგან მან თქვა: „იეჰოვა იყოს გუშაგი მე და შენ შორის, როცა ცალცალკე ვიქნებით.
- 50თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს და სხვა ცოლებსაც მოიყვან, იცოდე, კაცი კი არა, ღმერთი იქნება მოწმე მე და შენ შორის“.
- 51კვლავ უთხრა ლაბანმა იაკობს: „აი გორა და სვეტი, რომელიც ჩვენ შორის აღვმართე.
- 52ეს გორა მოწმეა და ეს სვეტი - მოწმობის ნიშანი, რომ არ გადმოვალ ამ გორას შენ საზიანოდ და არც შენ გადმოხვალ ამ გორას და სვეტს ჩემ საზიანოდ.
- 53აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განგვსაჯოს, მათი მამის ღმერთმა“. იაკობმა კი დაიფიცა ის, ვისიც მამამისს, ისაკს ეშინია.
- 54შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაში და მოიწვია თავისი ძმები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაში გაათიეს ღამე.
- 55ადგა დილაადრიან ლაბანი, დაკოცნა თავისი შვილები და ასულები, აკურთხა და სახლის გზას დაადგა.
იტვირთება შემდეგი თავი