დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 32

  1. 1
    როცა იაკობი თავის გზას დაადგა, ღვთის ანგელოზები შემოხვდნენ მას.
  2. 2
    როგორც კი დაინახა, მაშინვე თქვა: „ეს ღვთის ბანაკია!“ ამიტომ იმ ადგილს მახანაიმი უწოდა.
  3. 3
    გაუგზავნა იაკობმა ესავს, თავის ძმას, მაცნეები სეირის მიწაზე, ედომის ველზე,
  4. 4
    და უბრძანა მათ: "უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე დაგვაბარათქო იაკობმა: „ვხიზნობდი ლაბანთან და დიდხანს ვიყავი მასთან.
  5. 5
    მყავს ხარები, ვირები, ცხვარი, მსახურები და მოახლეები. მინდა, მოვახსენო ეს ჩემს ბატონს და წყალობა ვპოვო შენს თვალში".
  6. 6
    დაბრუნდნენ მაცნეები იაკობთან და უთხრეს: „ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან და ისიც ოთხასი კაცით მოდის შენთან შესახვედრად“.
  7. 7
    ძალიან შეეშინდა იაკობს და შეწუხდა. ორ ბანაკად გაყო თავისი ხალხი, ცხვარძროხა და აქლემები,
  8. 8
    ამბობდა, თუ ესავი ერთ ბანაკს დაესხმება, მეორე ბანაკი თავს უშველისო.
  9. 9
    შემდეგ თქვა იაკობმა: „მამაჩემის, აბრაამის ღმერთო, და მამაჩემის, ისაკის ღმერთო, იეჰოვა, კი მეუბნები, დაბრუნდი შენსა და შენი სანათესავოს მიწაზე და სიკეთეს გაგიკეთებო,
  10. 10
    მაგრამ არა ვარ ღირსი იმ სიკეთისა და ერთგულებისა, რომელიც შენი მსახურისადმი გამოავლინე; ჯოხის ამარამ გადავკვეთე იორდანე და ახლა ორ ბანაკად ვბრუნდები.
  11. 11
    გევედრები, მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და თავს არ დამესხას მეც, დედებსაც და შვილებსაც.
  12. 12
    შენ ხომ მითხარი, სიკეთეს გაგიკეთებ და შენს შთამომავალს ზღვის ქვიშასავით ვაქცევ, რომელიც ვერ დაითვლებაო სიმრავლის გამო“.
  13. 13
    იქ გაათია ღამე და ესავს, თავის ძმას, საჩუქარი გაუგზავნა თავისი ქონებიდან:
  14. 14
    ორასი დედალი თხა, ოცი ვაცი, ორასი დედალი ცხვარი, ოცი ვერძი,
  15. 15
    ოცდაათი მაწოვარი აქლემი თავისი ნაშიერებით, ორმოცი ძროხა, ათი ხარი, ოცი ჭაკი ვირი და ათიც მამალი ვირი.
  16. 16
    ჩააბარა თავის მსახურებს ცალცალკე ჯოგებად და უთხრა, ჩემ წინ იარეთ და ჯოგებს შორის მანძილი დატოვეთო.
  17. 17
    პირველს უბრძანა: "თუ შეგხვდა ჩემი ძმა ესავი და გკითხა, ვისი ხარ, სად მიდიხარ და ესენი ვიღასიაო,
  18. 18
    უთხარი: „შენი მსახური იაკობისაა. ეს ჩემი ბატონისთვის, ესავისთვის გამოგზავნილი საჩუქარია. თვითონ კი უკან მოგვყვება".
  19. 19
    უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს მიჰყვებოდა: „ასე და ასე უთხარით ესავს, როცა შეგხვდებათ.
  20. 20
    ისიც უთხარით, შენი მსახური იაკობი ჩვენ მოგვყვებათქო“. თავისთვის ამბობდა, იქნებ გული მოვულბო წინასწარ გაგზავნილი საჩუქრით და მერე ვიხილავ მის სახეს, იქნებ კეთილად მიმიღოსო.
  21. 21
    საჩუქარი წინ გაუშვა, თვითონ კი ბანაკში გაათია ის ღამე.
  22. 22
    ადგა იმ ღამით, წაიყვანა თავისი ორი ცოლი, ორი მოახლე და თერთმეტი ვაჟი და იაბოკის ფონზე გადავიდა.
  23. 23
    წაიყვანა ისინი და ხევზე გადაიყვანა, თან გადაიტანა ყველაფერი, რაც ჰქონდა.
  24. 24
    ერკინებოდა იაკობს ვიღაც კაცი განთიადის დადგომამდე, როცა მარტო იყო.
  25. 25
    დაინახა, რომ ვერ ერეოდა იაკობს, ბარძაყის სახსარზე შეეხო მას და ამოუგდო ის შერკინებისას.
  26. 26
    მან უთხრა: „გამიშვი, განთიადი დადგა“. მან კი მიუგო: „არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ“.
  27. 27
    მან ჰკითხა: „რა გქვია?“ მიუგო: „იაკობი“.
  28. 28
    მაშინ უთხრა: „აღარ გერქმევა იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთსა და ადამიანებს შეეჭიდე და მაინც მოერიე“.
  29. 29
    იაკობმა უთხრა: „მითხარი შენი სახელი“. მან მიუგო: „სახელს რატომ მეკითხები?“ და იქვე აკურთხა იგი.
  30. 30
    ამიტომ იმ ადგილს იაკობმა ფენიელი უწოდა, რადგან ამბობდა, ღმერთი ვიხილე პირისპირ და მაინც გადავრჩიო.
  31. 31
    როგორც კი გაიარა ფენუელი, მზემ დაანათა მას. ბარძაყი სტკიოდა და კოჭლობდა იგი.
  32. 32
    ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელები ბარძაყის ძარღვს, რომელიც ბარძაყის სახსარზეა, რადგან შეეხო იგი იაკობს ბარძაყის სახსარზე, სადაც ბარძაყის ძარღვია.
იტვირთება შემდეგი თავი