დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 33
- 1გაიხედა იაკობმა და დაინახა, რომ ესავი ოთხასი კაცით მოდიოდა. გაუნაწილა ბავშვები ლეას, რახელსა და ორ მოახლეს.
- 2მოახლეები და მათი შვილები წინ დააყენა, შემდეგ - ლეა თავის შვილებთან ერთად, მათ უკან კი - რახელი და იოსები,
- 3ხოლო ყველაზე წინ თვითონ მიდიოდა; სანამ თავის ძმას მიუახლოვდებოდა, შვიდჯერ მდაბლად თაყვანი სცა.
- 4გამოექანა ესავი შესაგებებლად, კისერზე მოეხვია, აკოცა და ორივენი აქვითინდნენ.
- 5აიხედა, დაინახა ქალები და ბავშვები და იკითხა: „ვინ არიან ესენი, შენთან რომ არიან?“ რაზეც მან მიუგო: „შვილები, რომლებიც ღმერთმა უწყალობა შენს მსახურს“.
- 6მაშინ წინ გამოვიდნენ მოახლეები და მათი შვილები და მდაბლად სცეს თაყვანი.
- 7ლეაც გამოვიდა წინ თავის შვილებთან ერთად და მათაც მდაბლად სცეს თაყვანი, ბოლოს კი იოსები და რახელი გამოვიდნენ და მათაც მდაბლად სცეს თაყვანი.
- 8ჰკითხა: „რა ბანაკი შემომხვდა წინ?“ მან მიუგო: „წყალობა რომ მეპოვა ჩემი ბატონის თვალში“.
- 9ესავმა უთხრა: „არაფერი მაკლია, ჩემო ძმაო. შენი შენვე გქონდეს“.
- 10იაკობმა მიუგო: „არა, გთხოვ, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, მიიღე საჩუქარი ჩემი ხელიდან, რადგან ეს მინდოდა და ვიხილე კიდეც შენი სახე, თითქოს ღვთის სახე მეხილოს, და შენც კეთილად მიმიღე.
- 11გთხოვ, მიიღო ეს საჩუქარი ჩემგან კურთხევის ნიშნად, რადგან წყალობა მიყო ღმერთმა და ყველაფერი მაქვს“. დაჟინებით სთხოვდა და მანაც აიღო.
- 12შემდეგ მან უთხრა: „მოდი დავიძრათ და წავიდეთ და მე შენ წინ წავალ“.
- 13მან მიუგო: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ ბავშვები სათუთები არიან და მაწოვარი ცხვარძროხა მყავს. თუ მათ სწრაფად, ერთ დღეში გავრეკავთ, მთელი საქონელი გამიწყდება.
- 14წავიდეს ჩემი ბატონი თავისი მსახურის წინ, მე კი აუჩქარებლად ვივლი, საქონლისა და ბავშვების ნაბიჯით ვივლი და ჩემს ბატონთან მივალ სეირში.
- 15ესავმა მიუგო: „მოდი, ჩემს ხალხს დაგახმარ“. ამაზე მან მიუგო: „რა საჭიროა?! ოღონდ წყალობა ვპოვო ჩემი ბატონის თვალში“.
- 16იმ დღესვე გაბრუნდა ესავი სეირისკენ.
- 17დაიძრა იაკობი სუქოთისკენ და აიშენა სახლი, საქონლისთვისაც გააკეთა კარვები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სუქოთი.
- 18ფადანარამიდან წამოსული იაკობი უვნებელი მიადგა ქალაქ შექემს, რომელიც ქანაანის მიწაზეა, და ქალაქთან დაბანაკდა.
- 19შექემის მამის, ხამორის ვაჟებისგან ას კესიტად იყიდა მიწის ნაკვეთი, სადაც კარავი დადგა.
- 20აღმართა იქ სამსხვერპლო და მას ღმერთი, ისრაელის ღმერთი უწოდა.
იტვირთება შემდეგი თავი