დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 34
- 1ლეას ასული დინა, რომელიც მან იაკობს გაუჩინა, იმ ქვეყნის ასულების სანახავად გადიოდა ხოლმე.
- 2დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, წაიყვანა, დაწვა მასთან და გააუპატიურა.
- 3მიეწება მისი სული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და სიყვარულში არწმუნებდა.
- 4ბოლოს შექემმა უთხრა ხამორს, მამამისს: „მომიყვანე ცოლად ეს ყმაწვილი ქალი“.
- 5გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო მან მისი ასული. იმ დროს მისი ვაჟები მინდორში იყვნენ მის ფარასთან. ხმა არ ამოუღია იაკობს მათ დაბრუნებამდე.
- 6ბოლოს წავიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან დასალაპარაკებლად.
- 7როგორც კი გაიგეს იაკობის ვაჟებმა ეს ამბავი, მაშინვე დაბრუნდნენ მინდვრიდან. შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და გაცეცხლდნენ, რადგან მან სამარცხვინო საქმე ჩაიდინა ისრაელის წინააღმდეგ და დაწვა იაკობის ასულთან; ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო.
- 8უთხრა მათ ხამორმა: „შეიყვარა ჩემი ვაჟის სულმა თქვენი ასული. გთხოვთ, ცოლად მიათხოვეთ
- 9და დაგვიმოყვრდით. თქვენი ასულები ჩვენ მოგვეცით და ჩვენი ასულები თქვენ წაიყვანეთ.
- 10იცხოვრეთ ჩვენთან და მიწაც მოიხმარეთ. იცხოვრეთ, ივაჭრეთ და დამკვიდრდით“.
- 11შექემმა დინას მამასა და ძმებს უთხრა: „წყალობა მაპოვნინეთ თქვენს თვალში; რასაც მეტყვით, ყველაფერს მოგცემთ.
- 12დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, ყველაფერს მოგცემთ, რასაც მეტყვით, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომათხოვეთ“.
- 13მზაკვრულად უპასუხეს იაკობის ვაჟებმა შექემსა და ხამორს, მამამისს, რადგან შეურაცხყო მან მათი და, დინა.
- 14მათ უთხრეს: „ვერ გავაკეთებთ ასეთ რამეს, ვერ მივცემთ ჩვენს დას წინადაუცვეთელ კაცს, რადგან შეურაცხყოფაა ეს ჩვენთვის.
- 15მხოლოდ იმ პირობით დაგთანხმდებით, თუ ჩვენნაირები გახდებით და თქვენგან ყოველი მამაკაცი წინადაიცვეთს.
- 16მერე მოგცემთ ჩვენს ასულებს და თქვენს ასულებს ჩვენ წავიყვანთ; ვიცხოვრებთ თქვენთან და ერთი ხალხი გავხდებით.
- 17მაგრამ თუ არ მოგვისმენთ და არ გაიკეთებთ წინადაცვეთას, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ“.
- 18მოეწონათ მათი სიტყვა ხამორსა და შექემს, ხამორის ვაჟს.
- 19არ დაუყოვნებია იმ ყმაწვილ კაცს პირობის შესრულება, რადგან ძალიან მოსწონდა იაკობის ასული. ის ყველაზე პატივდებული იყო მამამისის მთელ სახლში.
- 20გავიდნენ ხამორი და შექემი, ხამორის ვაჟი, ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქში მცხოვრებ კაცებს:
- 21„ეს ხალხი მშვიდობისმოყვარეობით გვექცევა. იცხოვრონ ჩვენთან და ივაჭრონ, რადგან ეს მიწა საკმაოდ ვრცელია. მოვიყვანოთ მათი ასულები ცოლად, მათ კი ჩვენი ასულები მივათხოვოთ.
- 22მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდებიან ისინი, რომ ჩვენთან იცხოვრონ და ერთი ხალხი გავხდეთ, თუ მათსავით წინადაიცვეთს ჩვენგან თითოეული მამაკაცი.
- 23განა ჩვენი არ იქნება მათი ქონება, სიმდიდრე და ცხვარძროხა?! ოღონდ დავთანხმდეთ მათ, რომ ჩვენთან იცხოვრონ“.
- 24ქალაქის კარიბჭესთან გამოსულებმა, ყველამ მოუსმინა ხამორსა და შექემს, მის ვაჟს, და წინადაიცვითა ყველა მამაკაცმა, ყველამ, ვინც ქალაქის კარიბჭესთან იყო გამოსული.
- 25მესამე დღეს, როცა ტკივილები ჰქონდათ, იაკობის ორმა ვაჟმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს მახვილები და ისე შევიდნენ იმ ქალაქში, რომ ეჭვი არავის აუღია, და ამოხოცეს კაცები.
- 26მახვილით მოკლეს ხამორი და მისი ვაჟი შექემიც; წამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ.
- 27იაკობის სხვა ვაჟები კი თავს დაესხნენ სასიკვდილოდ დაჭრილებს და გაძარცვეს ქალაქი თავიანთი დის შეურაცხყოფის გამო.
- 28წამოიყვანეს მათი ცხვარძროხა, ვირები და წამოიღეს ყველაფერი ქალაქიდან და მინდვრიდან.
- 29წამოიღეს მთელი მათი ქონება, ტყვედ წამოიყვანეს მათი ცოლშვილი და მთლიანად გაუძარცვეს სახლები.
- 30ეს რომ იაკობმა გაიგო, სიმონსა და ლევის უთხრა: „უბედურება დამატეხეთ თავს და შეაზიზღეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ, ქანაანელებსაც და ფერიზელებსაც; მე მცირერიცხოვანი ვარ, ჩემ წინააღმდეგ შეიკრიბებიან, თავს დამესხმიან და ჩემს სახლთან ერთად მოვისპობი“.
- 31მათ კი მიუგეს: „განა მეძავივით უნდა მოპყრობოდნენ ჩვენს დას?!“
იტვირთება შემდეგი თავი