დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 35
- 1უთხრა ღმერთმა იაკობს: „ადექი, წადი ბეთელში და იქ იცხოვრე, აუგე სამსხვერპლო ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც მაშინ გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი“.
- 2უთხრა იაკობმა თავის სახლეულობასა და ყველა მასთან მყოფს: „მოიშორეთ უცხო ღმერთები, განიწმინდეთ და გამოიცვალეთ მოსასხამები.
- 3ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში, სამსხვერპლოს ავუგებ იქ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც გასაჭირის დროს მიპასუხა და ჩემთან იყო იმ გზაზე, რომლითაც წავედი“.
- 4მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, რომლებიც ჰქონდათ, და საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და ჩამარხა ისინი იაკობმა დიდი ხის ქვეშ შექემის მახლობლად.
- 5დაიძრნენ იქიდან. ღვთის შიშმა მოიცვა მათ გარშემო მდებარე ქალაქები და არ დაედევნენ იაკობის ვაჟებს.
- 6ბოლოს მივიდნენ იაკობი და ყველა მასთან მყოფი ლუზში ანუ ბეთელში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია.
- 7ააგო იქ სამსხვერპლო და დაარქვა იმ ადგილს ელბეთელი, რადგან ჭეშმარიტი ღმერთი გამოეცხადა იქ, როდესაც თავის ძმას გაურბოდა.
- 8მოკვდა რებეკას ძიძა დებორა და დამარხეს ბეთელის მისადგომებთან დიდი ხის ქვეშ. ამიტომ დაარქვა მან იმ ადგილს ალონბაქუთი.
- 9კიდევ გამოეცხადა ღმერთი ფადანარამიდან მომავალ იაკობს და აკურთხა იგი.
- 10უთხრა ღმერთმა მას: „იაკობია შენი სახელი, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქმევა იაკობი, ისრაელი იქნება შენი სახელი“; და ისრაელი დაარქვა მას.
- 11ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი. ინაყოფიერე და გამრავლდი. ერები და ხალხთა კრებული გამოვლენ შენგან და მეფეები - შენი საზარდულიდან.
- 12იმ მიწას, რომელიც აბრაამსა და ისაკს მივეცი, მოგცემთ შენ და შენს შთამომავალს“.
- 13ამაღლდა ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც მას ელაპარაკა.
- 14აღმართა იაკობმა ქვის სვეტი იქ, სადაც იგი ელაპარაკა მას, და დასაღვრელი შესაწირავი და ზეთი დაასხა.
- 15იაკობი ისევ ბეთელს ეძახდა იმ ადგილს, სადაც მას ღმერთი ელაპარაკა.
- 16შემდეგ დაიძრნენ ბეთელიდან. ჯერ კიდევ დიდი მანძილი იყო ეფრათამდე, როცა რახელს მშობიარობა დაეწყო; გაუძნელდა მშობიარობა.
- 17როცა გაუჭირდა მშობიარობა, ბებიაქალმა უთხრა: „ნუ გეშინია, ახლაც ვაჟი გეყოლება“.
- 18სული რომ ამოსდიოდა (კვდებოდა), მას ბენონი დაარქვა, მამამისმა კი - ბენიამინი.
- 19მოკვდა რახელი და ეფრათის ანუ ბეთლემის გზაზე დამარხეს.
- 20აღმართა იაკობმა სვეტი მის სამარხზე. რახელის საფლავის სვეტი დღემდე აღმართულია.
- 21დაიძრა იქიდან ისრაელი და გაშალა კარავი ედერის კოშკიდან მოშორებით.
- 22იმ მიწაზე იყო ისრაელი დაბანაკებული, როცა წავიდა რეუბენი და მამამისის ხარჭასთან, ბილჰასთან, დაწვა. გაიგო ეს ისრაელმა. თორმეტი ვაჟი ჰყავდა იაკობს.
- 23ლეასგან ჰყავდა რეუბენი - პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი;
- 24რახელისგან კი - იოსები და ბენიამინი;
- 25ბილჰასგან, რახელის მოახლისგან, ჰყავდა დანი და ნაფთალი;
- 26ზილფასგან კი, ლეას მოახლისგან - გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ვაჟები, რომლებიც მას ფადანარამში შეეძინა.
- 27ბოლოს მივიდა იაკობი მამამისთან, ისაკთან, მამრეში, კირიათარბაში, იგივე ხებრონში, სადაც აბრაამი და ისაკი ხიზნები იყვნენ.
- 28ისაკის სიცოცხლის დღეები ას ოთხმოც წელიწადს ითვლიდა.
- 29მოკვდა ისაკი მოხუცი და დღეებით მაძღარი და შეუერთდა თავის ხალხს; მისმა ვაჟებმა, ესავმა და იაკობმა, დამარხეს იგი.
იტვირთება შემდეგი თავი