დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1როდესაც დედამიწაზე ადამიანები გამრავლდნენ და ასულები შეეძინათ,
- 2ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ.
- 3თქვა იეჰოვამ: „მუდამ არ მოუთმენს ჩემი სული ადამიანს, რადგან მხოლოდ ხორცია ის. ამიტომ მისი დღეები ითვლიდეს ას ოც წელიწადს“.
- 4იმ დროს და მას შემდეგაც ნეფილიმები იყვნენ დედამიწაზე, რადგან წვებოდნენ ჭეშმარიტი ღვთის ძეები ადამიანთა ასულებთან. ისინიც უჩენდნენ ვაჟებს, რომლებიც ძლიერები და სახელგანთქმულები იყვნენ ძველ დროს.
- 5დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო.
- 6დამწუხრდა იეჰოვა, რომ შექმნა ადამიანები დედამიწაზე და გული ეტკინა.
- 7თქვა იეჰოვამ: „აღვგვი მიწის პირიდან ადამიანებს, რომლებიც შევქმენი; ადამიანებსაც და შინაურ ცხოველებსაც, ქვეწარმავლებსაც და ცის ფრინველებსაც, რადგან ვწუხვარ, რომ შევქმენი ისინი“.
- 8ნოემ კი კეთილგანწყობა პოვა იეჰოვას თვალში.
- 9ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი კაცი იყო, მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო, და ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა.
- 10შეეძინა ნოეს სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
- 11გაიხრწნა დედამიწა ჭეშმარიტი ღვთის თვალწინ და აივსო ძალადობით.
- 12დაინახა ღმერთმა, რომ გაიხრწნა დედამიწა, რადგან ყოველ ხორციელს გაეხრწნა თავისი გზა დედამიწაზე.
- 13უთხრა ღმერთმა ნოეს: „ვხედავ, რომ დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა. მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას.
- 14გაიკეთე კიდობანი ფისიანი ხისგან. ოთახებად დაყავი და ფისით დაფარე კიდობანი შიგნიდანაც და გარედანაც.
- 15აი, ასე გააკეთე: კიდობნის სიგრძე სამასი წყრთა იყოს, სიგანე - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლე - ოცდაათი წყრთა.
- 16ცოჰარი [სახურავი ან სარკმელი] გაუკეთე კიდობანს და სახურავამდე ერთი წყრთა დატოვე, შესასვლელი გვერდზე გაუკეთე კიდობანს, დაყავი ქვედა, მეორე და მესამე სართულებად.
- 17მოვავლენ წარღვნას დედამიწაზე, რომ მოვსპო ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რომელშიც სასიცოცხლო ძალაა. ყველაფერი მოისპობა დედამიწაზე.
- 18შეთანხმებას გიდებ. შედი კიდობანში შენს ვაჟებთან, შენს ცოლთან და შენი ვაჟების ცოლებთან ერთად.
- 19ყოველი ცოცხალი ქმნილებიდან, ყოველი ხორციელიდან ორორი, დედალმამალი, შეიყვანე კიდობანში, რომ შენთან ერთად ცოცხლები გადარჩნენ.
- 20ფრინველები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით, ქვეწარმავლები მათი გვარისდა მიხედვით, ყოველი მათგანიდან ორორი შემოვა შენთან კიდობანში, რომ ცოცხლები გადარჩნენ.
- 21აიღე ყოველგვარი საკვები, რაც კი იჭმება, შეაგროვე და გექნება საჭმელად შენთვისაც და მათთვისაც“.
- 22ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა.
იტვირთება შემდეგი თავი