დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ვაჟები და უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა.
- 2კვლავაც თქვენი შიშით ძრწოდეს დედამიწის ყველა ცოცხალი ქმნილება, ცის ყველა ფრინველი, ყველაფერი, რაც მიწაზე მოძრაობს, და ზღვის ყველა თევზი. თქვენს ხელთ არიან ისინი.
- 3საჭმელად გქონდეთ ყველა ცოცხალი ცხოველი და თქვენი იყოს მთელი მწვანე მცენარეულობაც,
- 4ოღონდ ხორცი მის სულთან - სისხლთან - ერთად არ ჭამოთ.
- 5თქვენს სისხლსაც მოვიკითხავ, ყველა ცოცხალ ქმნილებას მოვკითხავ მას; ადამიანის ხელს, მისი თითოეული ძმის ხელს მოვკითხავ ადამიანის სულს.
- 6ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ანარეკლად შეიქმნა ადამიანი.
- 7თქვენ კი ინაყოფიერეთ და გამრავლდით, მოეფინეთ დედამიწას და გამრავლდით“.
- 8უთხრა ღმერთმა ნოესა და მის ვაჟებს:
- 9„გიდებთ შეთანხმებას თქვენ და თქვენს შთამომავლობას,
- 10ყველა ცოცხალ სულს, რაც კი თქვენთან არის: ფრინველებს, ცხოველებს, დედამიწის ყველა ცოცხალ ქმნილებას - კიდობნიდან გამოსულებს და დედამიწის ყველა ცოცხალ ქმნილებას.
- 11გიდებთ შეთანხმებას: წარღვნის წყლით აღარ მოისპობა არავითარი ხორციელი და აღარ განადგურდება დედამიწა წარღვნით“.
- 12განაგრძო ღმერთმა: „ეს იქნება შეთანხმების ნიშანი, რომელსაც თქვენთან და თქვენთან მყოფ ყველა ცოცხალ სულთან ვდებ, მომავალი თაობებისთვის, მარადიულად:
- 13ვაფუძნებ ჩემს ცისარტყელას ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული შეთანხმების ნიშანი.
- 14როცა ღრუბლებს მოვავლენ დედამიწაზე, ცისარტყელა გამოჩნდება ღრუბლებში.
- 15მაშინ გავიხსენებ მე და თქვენ შორის და ყველა ცოცხალ, ხორციელ სულს შორის დადებულ შეთანხმებას; წარღვნით აღარ განადგურდება ყოველი ხორციელი.
- 16გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, შევხედავ მას და გავიხსენებ ღმერთსა და დედამიწის ყველა ცოცხალ, ხორციელ სულს შორის დადებულ მარადიულ შეთანხმებას“.
- 17გაუმეორა ღმერთმა ნოეს: „ეს არის შეთანხმების ნიშანი, რომელსაც ვდებ დედამიწის ყველა ხორციელთან“.
- 18ნოეს ვაჟებს, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ, ერქვათ სემი, ქამი და იაფეთი. მოგვიანებით ქამს შეეძინა ქანაანი.
- 19ეს სამი ვაჟი ჰყავდა ნოეს. მათგან გამრავლდა დედამიწის მთელი მოსახლეობა.
- 20დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება და ვენახი გააშენა.
- 21დალია ღვინო, დათვრა და შუა კარავში გაშიშვლდა.
- 22დაინახა ქამმა, ქანაანის მამამ, მამის სიშიშვლე და თავის ორ ძმას შეატყობინა გარეთ.
- 23აიღეს სემმა და იაფეთმა მოსასხამი, მხრებზე მოისხეს და უკუსვლით მივიდნენ. სახეშებრუნებულებმა დაუფარეს სიშიშვლე მამას და არ დაუნახავთ მამის სიშიშვლე.
- 24ბოლოს გამოფხიზლდა ნოე და გაიგო, როგორ მოექცა უმცროსი შვილი.
- 25მან თქვა: „დაწყევლილი იყოს ქანაანი. თავისი ძმების ყველაზე მდაბიო მონა გახდეს“.
- 26შემდეგ თქვა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, სემის ღმერთი, ქანაანი კი სემის მონა გახდეს.
- 27მისცეს ღმერთმა იაფეთს ვრცელი ადგილი და დამკვიდრდეს იგი სემის კარვებში. მისი მონაც გახდეს ქანაანი“.
- 28წარღვნის შემდეგ ნოემ სამას ორმოცდაათი წელი იცოცხლა.
- 29ნოეს სიცოცხლის დღეები ცხრაას ორმოცდაათ წელს ითვლიდა, და მოკვდა იგი.
იტვირთება შემდეგი თავი