დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1და ჰქონდა მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა.
- 2და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, შინყარის ქვეყანაში ჰპოვეს ველი და დამკვიდრდნენ იქ.
- 3და თქვეს: “მოდი, გავაკეთოთ აგურები და გამოვწვათ ცეცხლში”. და ჰქონდათ აგური ქვის ნაცვლად და ფისი - კირად.
- 4და თქვეს: “მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მისწვდება. და ასე შევიქმნათ სახელი, ვიდრე გავიფანტებით მთელი ქვეყნის პირზე”.
- 5და ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები.
- 6და თქვა უფალმა: “ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ. და დაიწყეს ამის კეთება. და ახლა მათთვის აღარაფერი არ იქნება მიუღწეველი.
- 7ჩავიდეთ და ავურიოთ მათ ენა, რომ ადამიანებმა ვერ გაუგონ ერთმანეთს”.
- 8და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მიწის ზურგზე და მათ შეწყვიტეს ქალაქის შენება.
- 9ამიტომ ეწოდა მას სახელად ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა ენები და იქიდან გაფანტა ისინი მიწის პირზე.
- 10ეს არის სემის შთამომავლობა: სემი იყო ასი წლისა, როდესაც, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ შვა არფაქშადი.
- 11და იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ ხუთასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 12ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როდესაც შვა შელახი.
- 13და იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელიწადი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 14ოცდაათი წლის იყო შელახი, როდესაც შვა ყებერი.
- 15და იცოცხლა ყებერმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 16ოცდათოთხმეტი წლის იყო ყებერი, როდესაც შეეძინა ფელეგი.
- 17და იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 18ოცდაათი წლის იყო ფელეგი, როდესაც შვა რეღუ.
- 19და იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორას ცხრა წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 20ოცდათორმეტი წლის იყო რეღუ, როდესაც შეეძინა სერუგი.
- 21და იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 22ოცდაათი წლის იყო სერუგი, როდესაც შვა ნახორი.
- 23და იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ ორასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 24ოცდაცხრა წლის იყო ნახორი, როდესაც შვა თერახი.
- 25და იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 26და იცოცხლა თერახმა სამოცდაათი წელი, და შვა აბრამი, ნახორი და ხარანი.
- 27და ეს არის თერახის შთამომავლობა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ხარანი; და ხარანმა შვა ლოტი.
- 28და მოკვდა ხარანი თერახის, მამამისის, სიცოცხლეშივე, თავისი შობის ქვეყანაში, ქალდეველთა ურში.
- 29და მოიყვანეს აბრამმა და ნახორმა ცოლები. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს - მილქა, ასული ხარანისა, რომელიც იყო მილქასა და ისქას მამა.
- 30და იყო სარაი ბერწი, და არ ჰყავდა შვილი.
- 31და წაიყვანა თერახმა აბრამი - თავისი ძე, და ლოტი - ხარანის ძე, თავისი შვილიშვილი და სარაი - თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის ცოლი, და მათთან ერთად გავიდა ქალდეველთა ურიდან, რომ წასულიყო ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ ხარანამდე, და იქ დამკვიდრდნენ.
- 32თერახმა იცხოვრა ორას ხუთი წელი და თერახი ხარანში მოკვდა.
იტვირთება შემდეგი თავი