დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1და უთხრა უფალმა აბრამს: “დატოვე შენი ქვეყანა, შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი, და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ.
- 2და გაქცევ დიდ ერად, და გაკურთხებ, და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული.
- 3და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი”.
- 4და წავიდა აბრამი, როგორც უთხრა მას უფალმა, და მასთან ერთად წავიდა ლოტიც. და იყო აბრამი სამოცდათხუთმეტი წლისა ხარანიდან გასვლისას.
- 5და წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, ყველა მსახური, რომელნიც შეიძინა, და მთელი ქონება, რომელიც მოიხვეჭა ხარანში, და წავიდნენ ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ იქ.
- 6და გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემის ადგილამდე, მორეს მუხამდე. და ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
- 7და გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: “შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას”. და აბრამმა იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.
- 8და წავიდა იქიდან მთისაკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და გაშალა იქ კარავი. ბეთელი იყო დასავლეთით, ხოლო ჰაღაი აღმოსავლეთით და იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, და მოუხმო უფლის სახელს.
- 9და დაიძრა აბრამი და გააგრძელა სვლა სამხრეთისაკენ.
- 10და იყო შიმშილი იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან შიმშილი ძალზე მძვინვარებდა.
- 11და როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, აბრამმა უთხრა სარაის: “ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ.
- 12დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო, მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
- 13ამიტომ თქვი რა, რომ შენ ჩემი და ხარ, რათა შენს გამო გადავრჩე და იცოცხლოს ჩემმა სულმა შენი წყალობით.”
- 14და როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, ეგვიპტელებმა დაინახეს, რომ ეს ქალი ძალიან ლამაზი იყო.
- 15დაინახეს ის ფარაონის დიდებულებმა, შეაქეს იგი ფარაონის წინაშე; და წარდგენილ იქნა ეს ქალი ფარაონის კარზე.
- 16და აბრამს კარგად ექცეოდნენ მისი ცოლის გულისათვის. და მას ჰყავდა ცხვარი და პირუტყვი, სახედრები და აქლემები, მსახურნი და მხევალნი.
- 17და დიდი სენი შეჰყარა უფალმა ფარაონს და მის სახლს სარაის, აბრამის ცოლის, გამო.
- 18და მოიხმო ფარაონმა აბრამი, და უთხრა: “ეს რა მიყავი! რად არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო იგი?
- 19რადა თქვი, ჩემი და არისო? მე ხომ მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი! აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადით აქედან!”
- 20და ამცნო ფარაონმა ეს ხალხს. და გაისტუმრეს აბრამი და მისი ცოლი, და წაიღეს მათ, რაც ებადათ.
იტვირთება შემდეგი თავი