დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1და წავიდა აბრამი ეგვიპტიდან ნეგებისაკენ თავის ცოლთან და ლოტთან ერთად. თან ჰქონდა ყველაფერი, რაც ებადა.
- 2აბრამი ძალზე მდიდარი იყო საქონლის ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით.
- 3გაემგზავრა ნეგებიდან ბეთელისაკენ, იმ ადგილამდე, სადაც უწინ მისი კარავი იყო ბეთელსა და ჰაღაის შორის,
- 4იმ ადგილამდე, სადაც მან პირველად ააგო სამსხვერპლო და იქ მოუხმო აბრამმა უფლის სახელს.
- 5და ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მიდიოდა, ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები.
- 6და ვერ იტევდა მათ ქვეყანა ერთად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება.
- 7და ატყდა დავა აბრამისა და ლოტის მწყემსთა შორის. იმ დროს ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ იმ ქვეყანაში.
- 8და უთხრა აბრამმა ლოტს: “ნუ იქნება ჩემსა და შენს შორის, ჩემს და შენს მწყემსებს შორის დავა, რადგან ჩვენ ძმები ვართ.
- 9განა მთელი ქვეყანა შენს წინ არ არის? გავიყაროთ და, თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.”
- 10და აღაპყრო ლოტმა თვალები და იხილა იორდანეს მთელი ხეობა, რომელიც მთლიანად სარწყავი იყო ცოყარის მისადგომებამდე; ვიდრე უფალი მოსპობდა სოდომსა და გომორას, იგი იყო როგორც სამოთხე უფლისა, როგორც ქვეყანა ეგვიპტისა.
- 11და ამოირჩია ლოტმა თავისთვის იორდანეს მთელი ხეობა, და წავიდა ლოტი აღმოსავლეთისაკენ, და განცალკევდა კაცი თავისი ძმისაგან.
- 12და აბრამი დაემკვიდრა ქანაანის ქვეყანას, ხოლო ლოტი დაემკვიდრა ხეობის ქალაქებში და გაშალა თავისი კარვები სოდომამდე.
- 13და მკვიდრნი სოდომისა ბოროტები იყვნენ და ძალზე სცოდავდნენ ღვთის წინაშე.
- 14და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან მისი განცალკევების შემდეგ: “აღაპყრე თვალები, და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისაკენ.
- 15რადგან მთელ ქვეყანას, რომელსაც ხედავ, შენ მოგცემ და შენს თესლს უკუნისამდე.
- 16და გავამრავლებ შენს თესლს, როგორც მტვერს მიწისას. და თუ ვინმე შეძლებს მტვრის აღრიცხვას, მაშინ შენი შთამომავლობაც აღირიცხება.
- 17და ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი, რადგან შენ მოგცემ მას.”
- 18და აშალა კარვები აბრამმა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია. და აუშენა იქ სამსხვერპლო უფალს.
იტვირთება შემდეგი თავი