დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1და შინყარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა - ელასარის მეფემ, ქედორ-ლაღომერმა - ყელამის მეფემ და თიდყალმა - გოიმის მეფემ
- 2დაიწყეს ომი სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან.
- 3ყველა ესენი შეერთდნენ სიდიმის ველზე, (სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა).
- 4თორმეტ წელს ემონებოდნენ ისინი ქედორ-ლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს ამბოხდნენ.
- 5და მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორ-ლაღომერი მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და გაანადგურეს რეფაიმელნი ყაშთაროთ-კარნაიმში, ზუზელნი ჰამში, ემიელნი შავე-კირიათაიმში
- 6და ხორიელები სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან.
- 7და უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, ეს კადეშია, და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, და აგრეთვე ამორეველნი, ხაცეცონ-თამარის მკვიდრნი.
- 8და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები, და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა
- 9ყელამის მეფე ქედორ-ლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს. ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ.
- 10სიდიმის ველზე იყო უამრავი ფისის ორმო. და უკუიქცნენ სოდომისა და გომორას მეფენი და ჩაცვივდნენ იქ. და დანარჩენნი უკუიქცნენ მთებში.
- 11და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება და მთელი საზრდო, და წავიდნენ.
- 12და წაიყვანეს აბრამის ძმისწული ლოტიც, მცხოვრები სოდომში და მთელი მისი ქონება, და წავიდნენ.
- 13და მოვიდა ლტოლვილი და მოუტანა ამბავი ებრაელ აბრამს. მაშინ იგი ბინადრობდა მუხნარში, რომელიც ეკუთვნოდა ამორეველ კაცს, მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმას. ისინი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.
- 14როცა გაიგო აბრამმა, რომ მისი ძმისწული წაეყვანათ ტყვედ, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი მსახური, და სდია მტერს დანამდე.
- 15და დარაზმა აბრამმა თავისი კაცები ღამით და გაიყვანა მათ წინააღმდეგ, და გაანადგურა ისინი, და სდია მათ ხობამდე, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.
- 16და დაიბრუნა მთელი ქონება და აგრეთვე თავისი ძმისწული, ლოტი, მთელი მისი ქონებითა; ქალები და ხალხი.
- 17და გამოვიდა მეფე სოდომისა მის შესახვედრად შავეს ველზე (ეს არის სამეფო ველი) ქედორლაღომერისა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.
- 18და მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. და იყო ის მღვდელი მაღალი ღმერთისა.
- 19და აკურთხა იგი და თქვა: “კურთხეულია აბრამი მაღალი ღმერთის, ცისა და მიწის მეუფის მიერ.
- 20და კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.” და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი.
- 21და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: “მომეცი მე ხალხი, და ქონება დაიტოვე შენთვის.”
- 22და უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: “ავაპყრობ ჩემს ხელებს უფლის მიმართ, მაღალი ღმერთისა, ცისა და მიწის მეუფისა,
- 23თუ ძაფიდან ფეხსამოსის თასმამდე რამე ავიღო იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო, მე გავამდიდრეო აბრამი,
- 24გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად - ყანერს, ეშქოლსა და მამრეს, წაიღონ მათ თავ-თავიანთი წილი.
იტვირთება შემდეგი თავი