დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1ამ ამბების შემდეგ აბრამს ხილვაში ესმა სიტყვა უფლისა: “ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ მფარველი შენი. ძალზე დიდია შენი საზღაური!”
- 2და უთხრა აბრამმა: “ბატონო უფალო, რა შეგიძლია მომცე, როცა უშვილოდ გადავდივარ და ჩემი მემკვიდრე ეს დამასკოელი ელიეზერია?”
- 3და თქვა აბრამმა: “შენ არ მოგიცია შთამომავალი და ჩემი მსახური, რომელიც ჩემს სახლშია შობილი, გახდება ჩემი მემკვიდრე.”
- 4და იყო სიტყვა უფლისა მის მიმართ: “არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.”
- 5და გაიყვანა იგი გარეთ და უთხრა: “ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ ძალგიძს აღრიცხვა მათი.” და უთხრა მან: “ასე იქნება შენი შთამომავლობაც”.
- 6და ერწმუნა იგი უფალს, და ეს შეერაცხა მას სიმართლედ.
- 7და უთხრა მას უფალმა: “მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ქალდეველთა ურიდან, რათა მოგცე ეს ქვეყანა სამკვიდრებლად.”
- 8და მან უპასუხა: “ბატონო უფალო, საიდან უნდა გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?”
- 9და უთხრა მას უფალმა: “მომიყვანე სამწლიანი დეკეული და სამწლიანი თხა, სამწლიანი ვერძი და გვრიტი და მტრედის ხუნდი.”
- 10და მიუყვანა ისინი, დაჭრა შუა-შუა და მიუწყო ისინი ერთმანეთის პირდაპირ. მხოლოდ ფრინველები არ დაუჭრია შუაზე.
- 11და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორებს, მაგრამ აბრამმა განდევნა ისინი.
- 12და მზის ჩასვლისას მაგრად ჩაეძინა აბრამს. და მაშინ ძრწოლამ და დიდმა სიბნელემ მოიცვა იგი.
- 13და უთხრა უფალმა აბრამს: “იცოდე, რომ მდგმურებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში და დაიმონებენ მათ, და დაჩაგრავენ მათ ოთხას წელიწადს.
- 14და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი. და შემდგომ ამისა გამოვლენ ისინი დიდი ქონებით.
- 15და შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და კეთილ სიბერეში დაიმარხები.
- 16და მეოთხე თაობა დაბრუნდება აქ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორეველთა ურჯულოება.”
- 17როდესაც მზე ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, თითქოს ღუმელი აბოლდაო და ცეცხლის ალმა გაიარა იმ ნაჭრებს შორის.
- 18და იმ დღეს დადო აღთქმა უფალმა აბრამთან, და უთხრა: “შენი შთამომავლობისათვის მიმიცია ეს ქვეყანა, ეგვიპტის მდინარიდან ევფრატის დიდ მდინარემდე:
- 19კენიელი, კენიზელი, კადმონელი,
- 20ხეთელი, ფერიზელი, რეფაიმელი,
- 21ამორეველი, ქანაანელი, გირგაშელი და იებუსეველი.”
იტვირთება შემდეგი თავი