დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1და სარაის, აბრამის ცოლს, არ უშვია მისთვის. და მას ჰყავდა ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი.
- 2და უთხრა სარაიმ აბრამს: “უფალმა დამაბრკოლა შვილოსნობისაგან. შედი ჩემს მხევალთან. ეგებ გავშვილიანდე მისგან.” და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები.
- 3და მისცა სარაიმ, აბრამის ცოლმა, თავისი ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი თავის ქმარს ცოლად, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის შემდეგ.
- 4და შევიდა იგი ჰაგართან, და დაორსულდა იგი. და როცა დაინახა ჰაგარმა, რომ ორსულად იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში.
- 5და უთხრა სარაიმ აბრამს: “შენი ბრალია ჩემი დამცირება: მე მოგეცი ჩემი მხევალი შენს წიაღში; და როცა დაინახა, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. და აწ უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის.”
- 6და უთხრა აბრამმა სარაის: “აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი, და რაც გინდა, ის უყავი.” და ჩაგრავდა მას სარაი, და ის გაექცა მას.
- 7და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა წყლის წყაროსთან უდაბნოში, შურის გზაზე.
- 8და ჰკითხა: “ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ?” და მან უპასუხა: “სარაის, ჩემს ქალბატონს, გავურბივარ.”
- 9და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: “დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე მას.”
- 10და კიდევ უთხრა მას უფლის ანგელოზმა: “გავამრავლებ შენს შთამომავლობას, და ვერ აღირიცხება იგი სიმრავლისაგან.”
- 11და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: “აჰა, შენ ორსულადა ხარ და შობ ვაჟს, და ისმაელს უწოდებ სახელად, რადგან შეისმინა უფალმა შენი გასაჭირი.
- 12და იქნება იგი ველური კაცი; მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი იქნება იქნება მის წინააღმდეგ და თავისი ძმების წინ იცხოვრებს იგი.”
- 13და უწოდა სახელი უფალს, მასთან მოლაპარაკეს: “შენ ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი!” რადგან თქვა: “ხომ ვნახე აქ კვალი ჩემი მხილველისა.”
- 14ამიტომ უწოდა ჭას “ბეერ-ლახაი-როი (მხილველის ჭა).” იგი მდებარეობს კადეშსა და ბარედს შორის.
- 15და უშვა ჰაგარმა აბრამს ძე. და უწოდა აბრამმა სახელად თავის ძეს, რომელიც უშვა მას ჰაგარმა, ისმაელი.
- 16და აბრამი იყო ოთხმოცდაექვსი წლისა, როდესაც ისმაელი უშვა მას ჰაგარმა.
იტვირთება შემდეგი თავი