დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1როცა იწყეს ადამიანებმა გამრავლება მიწის პირზე და ასულები შეეძინათ მათ,
- 2იხილეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და ცოლებად მოჰყავდათ ისინი, ვისაც კი ამოირჩევდნენ.
- 3და თქვა უფალმა: “არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანში მარად, რადგან იგი ხორციელია, და იქნენ დღენი მისი ას ოცი წელი.
- 4ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან.
- 5და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო.
- 6და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე და დამწუხრდა თავის გულში.
- 7და თქვა უფალმა: “მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე და ცის ფრინველამდე, რადგან ვინანე, რომ შევქმენი ისინი.”
- 8ხოლო ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
- 9ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი, უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში, და ღმერთის გზით დადიოდა იგი.
- 10და შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
- 11მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აღივსო იგი ძალადობით.
- 12და იხილა ღმერთმა ქვეყანა და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა ქვეყანაზე.
- 13და უთხრა ღმერთმა ნოეს: “ყოველი ხორციელის აღსასრული მოვიდა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო ქვეყანა მათი ძალადობით; და მე აღვგვი მათ მიწიდან.
- 14გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი ძელებისაგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და ფისით დაფარე იგი შიგნიდან და გარედან.
- 15და ასე გააკეთე იგი: კიდობნის სიგრძე სამასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა და მისი სიმაღლე ოცდაათი წყრთა.
- 16სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ჩამოაცილე ერთ წყრთაზე ზემოდან. გვერდზე გაუკეთე კარი, და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე მას.
- 17და მე მოვავლენ წყლის წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის, რომელშიც სიცოცხლის სულია, მოსასპობად. და ყოველი, რაც ქვეყანაზეა, დაიღუპება.
- 18და დავდებ ჩემს აღთქმას შენთან: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძეები, და შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები შენთან ერთად.
- 19და ყოველთაგან, რაც ცოცხალია, ყოველ ხორციელთაგან, ორ-ორი უნდა შეიყვანო კიდობანში, რომ შენთან ერთად გადარჩნენ ცოცხალი; და ერთი მამალი უნდა იყოს და ერთი დედალი.
- 20ფრინველისაგან მისი გვარისამებრ და პირუტყვისაგან მისი გვარისამებრ, მიწის ყოველი ქვეწარმავლისაგან მისი გვარისამებრ ორ-ორნი მოვლენ შენთან ყოველი გვარისაგან, რათა ცოცხალი გადარჩნენ.
- 21და აიღე ყოველი საჭმელი, რაც იჭმევა, და მოაგროვე შენთან და იყოს შენთვის და მათთვის საზრდოდ.”
- 22და გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც უბრძანა ღმერთმა, ისე გააკეთა მან.
იტვირთება შემდეგი თავი