დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1და უთხრა უფალმა ნოეს: “შედი შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში
- 2ყოველი წმიდა პირუტყვისაგან შეიყვანე შვიდ-შვიდი - მამალი და დედალი, და პირუტყვისაგან, რომელიც არაა წმიდა, ორ-ორს - მამლსა და დედალს.
- 3აგრეთვე ცის ფრინველთაგან შვიდ-შვიდს - მამალსა და დედალს, რათა იცოცხლოს მათმა შთამომავლობამ მთელს მიწის პირზე.
- 4რადგან შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ მიწაზე ორმოც დღესა და ორმოც ღამეს, და პირისაგან მიწისა წარვხოცავ ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.”
- 5და გააკეთა ნოემ ყოველივე, რაც უბრძანა მას უფალმა.
- 6და ნოე იყო ექვსასი წლისა, როდესაც მოვიდა წარღვნის წყალი მიწაზე.
- 7და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი ცოლი, და მისი ძენი, და მის ძეთა ცოლები,
- 8წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი,
- 9ორ-ორნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში მამალი და დედალი, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს.
- 10და შვიდი დღის შემდეგ წარღვნის წყალი მოვიდა ქვეყანაზე.
- 11ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს იჩქეფეს უფსკრულის დიდმა წყაროებმა და გაიხსნენ ცის სარკმელნი.
- 12და იყო წვიმა მიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
- 13და იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, და ნოეს ცოლი და მისი ვაჟების ცოლები მათთან ერთად,
- 14ისინი და ყოველი ცხოველი თავისი გვარისამებრ, ყოველი პირუტყვი თავისი გვარისამებრ, ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, თავისი გვარისამებრ, და ყოველი ფრინველი თავისი გვარისამებრ, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.
- 15და შევიდნენ ნოესთან კიდობანში ორ-ორი ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც იყო სული სიცოცხლისა.
- 16და შემავალი მამალი და დედალი ყოველი ხორციელისაგან შევიდა, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. და დახშა უფალმა კიდობანი.
- 17და იყო წარღვნა ორმოცი დღე მიწაზე, და ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი.
- 18და გაძლიერდა წყალი, და მეტისმეტად ადიდდა მიწაზე, და წავიდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
- 19და წყალი გაძლიერდა მეტისმეტად მიწაზე, და დაიფარა ყოველი მთა მაღალი, რაც კი იყო ცისქვეშეთში.
- 20თხუთმეტი წყრთით აიწია წყალმა მათზე და დაფარა მთები.
- 21და დაიღუპა ყოველი ხორციელი, რომელიც მოძრაობს მიწაზე: ფრინველთაგან, პირუტყვთაგან, ცხოველთაგან და ყოველ ქვეწარმავალთაგან, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.
- 22ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, დაიღუპა.
- 23აღიგავა ყოველივე არსებული, რაც მიწის პირზე იყო; ადამიანიდან პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე და ცის ფრინველამდე აღიგავნენ მიწიდან. და გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი.
- 24და ძლიერდებოდა წყალი ას ორმოცდაათი დღე.
იტვირთება შემდეგი თავი