დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1და გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, და ყოველი პირუტყვი, რომელიც იყო ნოესთან კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა ქარი მიწაზე, და დაცხრა წყალი.
- 2და დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელები. და შეწყდა წვიმა ციდან.
- 3და უკუიქცა წყალი მიწიდან, და დაიწყო კლება წყალმა ას ორმოცდამეათე დღეს.
- 4და დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს.
- 5და წყალი იკლებდა მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდნენ მთის მწერვალები.
- 6და ორმოცი დღის დასასრულს გააღო ნოემ კიდობნის სარკმელი, რომელიც გაუკეთა.
- 7და გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა ის და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე.
- 8და შემდეგ გაუშვა მტრედი, რომ ენახა, თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.
- 9და ვერ იპოვა მტრედმა ფეხის მოსაკიდი, და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი ჯერ კიდევ იყო მიწის პირზე. და მან გაიწოდა ხელი, აიყვანა იგი და შეიყვანა თავისთან კიდობანში.
- 10და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
- 11და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამოს ჟამს და მას ზეთისხილის რტო ეჭირა პირში. და ამით შეიტყო ნოემ, რომ წყალი დამცხრალიყო მიწაზე.
- 12და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და ის აღარ დაბრუნებულა უკან.
- 13ნოეს დაბადებიდან ექვსას მეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს, დაშრა წყალი მიწაზე. და ნოემ მოაცილა სახურავი კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი.
- 14და მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა მიწა.
- 15და უთხრა ღმერთმა ნოეს:
- 16“გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, და შენი ძეები თავიანთი ცოლებით.
- 17ყოველი ცხოველი, რომელიც შენთანაა ყოველ ხორციელთაგან, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და მიწის ქვემძრომ ქვეწარმავალთაგან, გამოიყვანე. მოეფინონ მიწას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ.”
- 18და გამოვიდა ნოე, და მისი ძენი, და მისი ცოლი, და მის ძეთა ცოლები მასთან ერთად.
- 19და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი და ყოველი, რაც მოძრაობს ქვეყანაზე, თავ-თავის გვარის მიხედვით გამოვიდნენ კიდობნიდან.
- 20და აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე.
- 21და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: “აღარ დავწყევლი კვლავ მიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვეა მისი გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ. და მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას ისე, როგორც გავაკეთე.
- 22ვიდრე დედამიწა იქნება, არ გაუქმდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, და დღე და ღამე!”
იტვირთება შემდეგი თავი