დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი, და უთხრა მათ: “ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და აღავსეთ მიწა.”
- 2და ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს, და ყოველივეს, რაც იძვრის მიწაზე, ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა. და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.
- 3ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება საჭმელი იყოს თქვენთვის, როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს.
- 4მხოლოდ ხორცს მისი სულითურთ და მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ.
- 5და თქვენს სისხლს მოვიკითხავ ყოველი ცხოველისაგან და ადამიანის ხელისაგან, მისი ძმის ხელისაგან მოვიკითხავ ადამიანის სულს.
- 6და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
- 7და თქვენ კი ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოშენდით მიწაზე და მომრავლდით მასზე”.
- 8და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად:
- 9“მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან თქვენს შემდეგ,
- 10და ყოველ ცოცხალ არსებასთან, რომელიც კი თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან, მიწის ყოველ ცხოველთან, რომელნიც თქვენთან არიან, კიდობნიდან ყოველ გამოსულთან.
- 11და მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.”
- 12და თქვა ღმერთმა: “ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, აღთქმა სამარადისო იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ.
- 13ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში ჩემსა და მიწას შორის აღთქმის ნიშნად.
- 14და როცა გადავაფარებ ღრუბელს მიწას, მაშინ გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა,
- 15გავიხსენებ ჩემს აღთქმას, რომელიცაა ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის, და მეტად აღარ მოვა წარღვნის წყალი ყოველი ხორციელის დასაღუპავად.
- 16და იქნება ცისარტყელა ღრუბელში, და ვიხილავ მას, რათა გავიხსენო საუკუნო აღთქმა ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი მიწაზეა”.
- 17და უთხრა ღმერთმა ნოეს: “ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავადგინე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რაც კი მიწაზეა”.
- 18და იყვნენ ესენი ძენი ნოესი, გამოსულნი კიდობნიდან: სემი, ქამი და იაფეთი. და იყო ქამი მამამთავარი ქანაანისა.
- 19ესენი იყვნენ ნოეს სამნი ძენი, და მათგან განევრცო მოსახლეობა მთელ მიწაზე.
- 20და იწყო ნოემ, მიწისმუშაკმა, ვენახის გაშენება.
- 21და შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
- 22და იხილა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და უთხრა ეს თავის ორ ძმას.
- 23და აიღეს სემმა და იაფეთმა მამის სამოსელი, და დაიდეს მხრებზე, და წავიდნენ პირშექცევით და დაფარეს თავიანთი მამის სიშიშვლე. და რადგან პირი უკან ჰქონდათ შექცეული, თავიანთი მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
- 24და გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, თუ როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.
- 25და თქვა: “წყეულიმც იყოს ქანაანი! მსახურთა მსახური იყოს თავისი ძმებისათვის.”
- 26და თქვა: “კურთხეულია უფალი, ღმერთი სემისა. და იყოს ქანაანი მისი მსახური.
- 27და განავრცოს ღმერთმა იაფეთი და დაემკვიდროს სემის კარვებში, და იყოს ქანაანი მისი მსახური”
- 28და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
- 29და იყო ნოეს სრული ხანი ცხრაას ორმოცდაათი წელი და მოკვდა.
იტვირთება შემდეგი თავი