დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1როცა იწყეს ადამიანებმა გამრავლება მიწაზე და ასულები შეეძინათ,
- 2დაინახეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლებად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.
- 3და თქვა უფალმა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანზე საუკუნოდ, რადგან იგი ხორციელია, და იყოს მისი ხანი 120 წელი.“
- 4გოლიათები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ ხანებში და მას შემდეგაც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც შვილებს უჩენდნენ მათ. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველთაგანვე.
- 5და იხილა უფალმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ მიწაზე, რომ მუდამჟამს ბოროტს განიზრახავდნენ გულში.
- 6და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე და ნაღველი ჩაიდო გულში.
- 7და თქვა უფალმა: „მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი. ადამიანთან ერთად – პირუტყვს, ქვეწარმავალს და ცის ფრინველთ, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი.“
- 8და მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
- 9ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი და უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში და ღმერთის გზით დადიოდა იგი.
- 10და შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
- 11მაგრამ წაირყვნა მიწა ღვთის წინაშე და აღივსო იგი უსამართლობით.
- 12და იხილა ღმერთმა ქვეყანა რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა მიწაზე.
- 13და უთხრა ღმერთმა ნოეს: „მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო მიწა მათი უსამართლობით; და მე მოვსპობ მათ და მათთან ერთად მთელს დედამიწას.
- 14გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი ძელებისაგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ შეფისე.
- 15ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით 300 წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით – 50 წყრთა, სიმაღლით – 30 წყრთა.
- 16სარკმელი გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაატანე. კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს, ქვედა, შუა და ზედა სართულები მოაწყვე შიგ.
- 17და მე მოვავლენ წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის მოსასპობად, რომელშიც სიცოცხლის სულია; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.
- 18მაგრამ დაგიდებ აღთქმას: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, და შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
- 19ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ. დედალ-მამალი იყოს!
- 20ფრინველისაგან მისი გვარისამებრ და პირუტყვისაგან მისი გვარისამებრ, მიწის ყოველი ქვეწარმავლისაგან მისი გვარისამებრ წყვილ-წყვილად შემოგყვნენ კიდობანში, რათა გადარჩნენ.
- 21და აიღე ყოველი საჭმელი, რაც იჭმება, და მოაგროვე შენთან და იყოს შენი და მათი საზრდო.“
- 22და გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა, ყველაფერი ისე გააკეთა.
იტვირთება შემდეგი თავი