დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1და გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა ქარი მიწაზე, და იკლო წყალმა.
- 2და დაწყდა უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელნი. და შეწყდა წვიმა ცათაგან.
- 3და უკუიქცა წყალი მიწიდან, და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
- 4და გაჩერდა კიდობანი მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებზე.
- 5წყალი თანდათან იკლებდა მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.
- 640 დღის დასასრულს გააღო ნოემ სარკმელი, კიდობანს რომ ჰქონდა დატანებული,
- 7და გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა ის და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწაზე.
- 8შემდეგ გაუშვა მტრედი, რომ გაეგო, თუ დაიკლო წყალმა მიწაზე.
- 9მაგრამ ვერ იპოვა მტრედმა ფეხის მოსაკიდი, და უკანვე მოუბრუნდა მას კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწაზე. და გაიწოდა ხელი ნოემ, და აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.
- 10და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
- 11და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამო ჟამს და მას ზეთისხილის ახლადმოგლეჯილი რტო ეჭირა ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამწყდარიყო წყალი მიწაზე.
- 12და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან; და მტრედი აღარ დაბრუნდა მასთან.
- 13ნოეს დაბადებიდან 601 წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი მიწაზე. და ნოემ სახურავი ახადა კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი.
- 14და მეორე თვის ოცდამეშვიდე დღისთვის უკვე გამოშრა მიწა.
- 15და უთხრა ღმერთმა ნოეს:
- 16„გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები.
- 17გამოიყვანე ყოველი ცხოველი, რომლებიც შენთან არიან, ყოველ ხორციელთაგან, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, განაყოფიერდნენ და იმრავლონ.“
- 18და გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი ძენი და მისი ცოლი და მის ძეთა ცოლები,
- 19და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი და ყოველი მოძრავი არსება, თავ-თავისი სახის მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.
- 20და აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს; და მოიღო ყოველი წმიდა პირუტყვისგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და მიიტანა სრულადდასაწველ მსხვერპლად სამსხვერპლოზე.
- 21და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, თუმცა კი სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი მათი ზრახვა. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, როგორც ეს გავაკეთე.
- 22ვიდრე დედამიწა იარსებებს, არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.“
იტვირთება შემდეგი თავი