დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები, და უთხრა: „მოშენდით, იმრავლეთ და აავსეთ მიწა.
- 2თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყოველ მხეცს, ცის ყოველ ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის მიწაზე. და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთ მომიცია.
- 3ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება იყოს თქვენი საჭმელი; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ თქვენ ყველაფერს.
- 4ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ.
- 5მე კი თქვენს სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველ მხეცს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
- 6და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატადაა შექმნილი ადამიანი.
- 7მოშენდით და იმრავლეთ, მოეფინეთ მიწას და გამრავლდით მასზე.“
- 8და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად:
- 9„აჰა, მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან და თქვენს მოდგმასთან,
- 10და ყოველ ცოცხალ არსებასთან, რომელიც კი თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან, მიწის ყოველ ცხოველთან, რომელნიც თქვენთან არიან, კიდობნიდან ყოველ გამოსულთან.
- 11მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.“
- 12და თქვა ღმერთმა: „ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც მე ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, საუკუნოდ.
- 13ჩემი მშვილდი, ჩემი ცისარტყელა, ჩავდე ღრუბელში ჩემსა და ქვეყანას შორის აღთქმის ნიშნად.
- 14როცა ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და ღრუბელში გამოჩნდება ცისარტყელა,
- 15გავიხსენებ აღთქმას მე და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ იქნება წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპად.
- 16და გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, და დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი მიწაზეა.“
- 17და უთხრა ღმერთმა ნოეს: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავადგინე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რაც კი მიწაზეა.“
- 18ესენი იყვნენ ნოეს ძენი, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო მამა ქანაანისა.
- 19ეს სამნი იყვნენ ნოეს ძენი, და მათგან წარმოსდგა მთელი დედამიწის მკვიდრნი.
- 20დაიწყო ნოემ, მიწაზე შრომა და პირველი იყო, რომელმაც ვენახი გააშენა.
- 21და შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
- 22და იხილა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და კარვიდან გამოსულმა შეატყობინა ეს თავის ორ ძმას.
- 23აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი და მოისხეს მხრებზე. და უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე, პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
- 24გამოფხიზლდა ნოე ღვინისგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.
- 25და თქვა: „წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მსახურთა მსახური იყოს!“
- 26და კვლავ თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მისი მსახური იყოს ქანაანი!
- 27და განამრავლოს ღმერთმა იაფეთი, სემის კარვებში დაემკვიდროს! მისი მსახური იყოს ქანაანი!“
- 28და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ 350 წელი.
- 29და იყო ნოეს სრული ხანი 950 წელი და მოკვდა.
იტვირთება შემდეგი თავი